შოთა არველაძე

შოთა არველაძე: ამბობდნენ, ომი საქართველომ დაიწყოო, რანაირადაა ეს შესაძლებელი?

რუსულ გამოცემა "ფუტბოლთან" ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი თურქული ქასიმფაშას მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. 
 
ჟურნალისტმა ქართველი სპეციალისტს ჰკითხა, ნაწყენია თუ არა რუსებზე, რაზეც არველაძემ ვრცლად უპასუხა.
 
"რთულია ამ ყველაფრის ყურება. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ იქ, სადღაც ზემოთ, არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ საზღვრავენ მომდევნო 100 წელიწადს. ეს უმაღლესი ლიგაა, სადაც მოთამაშეები ერთ მომენტში ცვლიან გლობალურ სიტუაციას. სამწუხაროდ ასეა. ჩვენ არასოდეს არაფერი გვითხოვია. გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს მიიღეს, აქამდე რუსეთი ჩვენ არანაირად არ გვეხმარებოდა. ამის მიუხედავად, როგორღაც ხომ მოვედით მეთვრამეტე საუკუნემდე?!
 
ქრისტიანები 325 წელს გავხდით, ჩვენი ბიბლია ქართულად არის დაწერილი, ის ყველას აქვს წაკითხული. საბჭოთა კავშირი ჩვენ დავანგრიეთ? რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი - ყველა დამოუკიდებელი გახდა. იქ ხომ არაფერი კარგი არ ყოფილა, ნორმალური გაგებით. ფიზიკოსები-ქიმიკოსები იარაღს აკეთებდნენ, სხვები კი... რეჟიმი რეჟიმია, იქ თავისუფლება არ არის. ვის არ უნდა, რომ ყველაფერი ღია იყოს?
 
აფხაზეთი და ოსეთი - ესენი ჩვენთვის ხელებივითაა. ოსეთი საერთოდ, საქართველოს ყველაზე ძველი მიწაა. ეს ჩვენი ტკივილია. როდესაც იქიდან გამოაძევეს 200 000 ქართველი, გვითხრეს, რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომ ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ. ე.ი. შენ მე ერთი ხელი წამართვი და ახლა მეუბნები: "მოდი ვიმეგობროთ!" მე გიპასუხებ:" დამიბრუნე ჩემი შვილი, ამის შემდეგ კი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ". ტელევიზიით აჩვენებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი საქართველომ დაიწყო - მაგრამ რანაირად არის ეს შესაძლებელი? ჩვენ მთლიან ქვეყანაში სულ რამდენიმე ათასი სამხედრო გვყავს!.. ვოცნებობ წავიდე გაგრასა და ბიჭვინთაში, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება. თუმცა ურთიერთობა მაქვს ახრიკ ცვეიბასთან, ბიჭები სოხუმიდან მესტუმრებიან ხოლმე. ქართველებს ერთი კარგი თვისება აქვთ: ჩვენ შეიძლება გავნაწყენდეთ, ვიყვიროთ, მაგრამ ზიზღი არ გაგვაჩნია. პირიქით, ყველა ძალიან ნანობს, რომ ასე მოხდა. როდესაც ხდება მსგავსი რაღაცები, მართალი მხარე არ არსებობს. შესაძლოა, როდესმე ყველაფერი ასჯერ უკეთ იყოს, ვიდრე ახლაა. ჯერჯერობით ტკივილი არსებობს, მე თავად ვგრძნობ მას", - განაცხადა შოთა არველაძემ.

კომენტარები