საქართველოს პარლამენტი

IDFI: თბილისის პარლამენტის შენობის განახლება 22 732 346 ლარი დაჯდა

idfi

თბილისის პარლამენტის შენობის განახლება და მოწყობა 22 732 346 ლარი დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. IDFI-ის ცნობით, პარლამენტის აპარატმა შენობის განახლებისა და მოწყობისთვის სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) გზით განახორციელა, რაზეც საერთო თანხიდან 16 479 613 ლარი დაიხარჯა.

IDFI-ის განცხადებით, „პარლამენტის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს შორის გამარტივებული შესყიდვების უდიდესი წილი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს პარალმენტის აპარატმა 15 957 462 ლარის ღირებულების შესყიდვა განახორციელა არარეზიდენტი საწარმოებისგან (SONY PROFESSIONAL SOLUTIONS MEA FZ LLC და JSC "ARES LINE").“ პარლამენტის აპარატმა თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელა 28 სხვადასხვა ადგილობრივი კომპანიისგანაც. მათ შორის ყველაზე დიდი თანხები გადარიცხულია: შპს გრინპროჯექტი - 2 238 303 ლარი , შპს ორნამენტი - 1 821 319 ლარი , შპს მოდერნ-ვილა - 1 395 940 ლარი .

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ყველაზე დიდი თანხები ადგილობრივი საწარმოებისათვის კი გადარიცხულია ქსელური და უსაფრთხოების ტექნიკური მოწყობილობების შეძენაზე - 2 414 134 ლარი, უშუალოდ სარემონტო სამუშაოებისათვის - 1 885 281 ლარი, ავეჯისა და სხვა ინვენტარის შეძენისთვის - 1 933 463 ლარი, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრო ნათურებისთვის კი 149 9126 ლარი დაიხარჯა.

„საქართველოს პარლამენტის აპარატმა ზემოთ მოყვანილი ხარჯების გარდა თბილისის პარლამენტის შენობის განახლება-მოწყობისთვის განახორციელა სხვადასხვა სახის 146 200 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა. მათ შორის პარალამენტის შენობის ეზოში მდებარე შადრევნის რესტავრაციისათვის გადახდილია - 14 500 ლარი, საქართველოს და ევროკავშირის დროშების შესყიდვაზე - 9 200 ლარი, ტელეფონების აპარატებისათვის - 9000 ლარი, ლიფტის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 31 450 ლარი,“ - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

IDFI-იმ მონაცემები საქართველოს პარლამენტის აპარატიდან შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული დეტალური ხარჯების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღო. IDFI-ის კვლევის მიხედვით, ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის დაახლოებით 330 მილიონი ლარი დაჯდა, რომლის უდიდესი ნაწილი სახელმწიფო ქონების გაყიდვის საშუალებით იქნა მობილიზებული. ქალაქ ქუთაისის პარლამენტის შენობის მშენებლობა 2009-2012 წლებში მიმდინარეობდა.

კომენტარები