აგრარული სექტორი

ოთარ დანელია: ხელს შევუწყობთ კოოპერატივების გამსხვილებას

250-ზე მეტი კოოპერატივია საქართველოში დარეგისტრირებული და ხელს შევუწყობთ მათ გამსხვილებას, რადგან საქართველოს არის მცირემიწიანი ქვეყანა და ამას სჭირდება ხელშეწყობა, - გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ასოცირება არ მოხდეს საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობასთან. 

სურსათის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის წარდგენასთან ერთად გაიმართა კოოპერატივების წარმომადგენლების მიერ მათ მიერ დამზადებული პროდუქციის მცირე გამოფენაც.

ტაბულას შეკითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი, მინისტრმა განმარტა, რომ არსებული კანონპროექტით მომზადდა ცვლილება კანონში და ამჯერად არანაირი შეფერხება არ არსებობს მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. 

"მე არ მახსენდება არცერთი ინვესტორი, რომელმაც საქართველო დატოვა იმის გამო, რომ მიწა ვერ შეიძინა", - აღნიშნავს დანელია. 

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მიწა არის ეროვნული ელემენტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მიზნობრივად გამოყენება. 

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი მიშელაძეს მიაჩნია, რომ არსებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში კოოპერატივში გაერთიანება ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ფერმერებმა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და გადარჩენა შეძლონ. 

კოოპერატივების განვითარებას საგრანტო პროგრამებით მხარს ევროკავშირიც უჭერს.

საქართველოში ევროკავშირის ატაშემ აგრარულ საკითხებში, ხუან ეჩანობემ აღნიშნა, რომ კოოპერატივების განვითარებისათვის ევროკავშირი საქართველოს 52 მილიონ ევროს გამოუყოფს. 

"დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 700 000-მდე ფერმერია, უმეტესობა ძალიან წვრილი. იმისათვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი პროდუქციის იმ მოცულობითა და ხარისხით წარმოება, როგორსაც ბაზარი ითხოვს, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ითანამშრომლონ კოოპერატივების სახით. ევროკავშირი მხარს უჭერს კოოპერატივების განვითარებას სესხებზე წვდომის გამარტივებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სახით. საქართველოში კოოპერატივების განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილია 52 მილიონი ევრო", - ამბობს ატაშე. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ ყველა კერძო ფერმერს და აგრარულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანდეს და ჰქონდეს წვდომა იმ შეღავათებზე, რომელსაც კოოპერატივები იღებენ. 

კომენტარები