აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

თედო ჯაფარიძე კომენტარის გასაკეთებლად აბაშიძის ჩამოსვლას დაელოდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"ძალიან რთული მოლაპარაკებები აქვს ბატონ აბაშიძეს, ამიტომ მე თავს შევიკავებ, რაღაც კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ ბატონი ზურაბის ჩამოსვლას. მე კარგა ხანია აბაშიძესთნ კონტაქტი არ მქონია, არც საუბარი. შეიძლება რამდენიმე წლით მასზე  უფროსი ვარ, აქედან გამომდინარე, მისი კომენტარიც ასაკთან დაკავშირებით შეიძლება მისთვის მისაღებია", - ამბობს თედო ჯაფარიძე.

ზურაბ აბაშიძემ თედო ჯაფარიძის მისამართით კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯაფარიძემ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ როდესაც ერთი მხარე მსგავს დოკუმენტებს აქვეყნებს და ღია ანექსიას ცდილობს, მისთვის მისაღები არ არის აბაშიძე-კარასინის მორიგი რაუნდის ჩატარება.

"ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ", - უპასუხა აბაშიძემ ჯაფარიძის განცხადებას. 

ჯაფარიძემ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი პოზიცია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგ რაუნდთან დაკავშირებით უცვლელია.

"მე რომ ვყოფილიყავი, დავუშვათ, ქართული მხარის ადგილზე, თავს შევიკავებდი ამ რაუნდში მონაწილეობის მიღებისგან. ეხლა, რა თქმა უნდა, ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ აბაშიძე-კარასინის ფორმატზე", - ამბობს აბაშიძე.

ზურაბ ჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრგორი კარასინს პრაღაში 16 ოქტომბერს შეხვდება.

კომენტარები