საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუცია

საპარლამენტო უმცირესობამ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე რეზოლუცია შეიმუშავა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავა.

უმცირესობა მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს აფხაზეთის ანექსია. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატი და მხოლოდ ჟენევის ფორმატით გააგრძელოს მოლაპარაკებები. საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას ყოველგვარი ღონის ხმარებისკენ მოუწოდებს, რათა საერთაშორისო დღის წესრიგში მოხდეს საქართველოს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხების უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირება.  

"ერთობლივი არმიის შექმნა, ერთობლივი შსს-ს შექმნა და ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს მიმართ, დასკვნით ფაზაში შედის. ფაქტიურად და იურიდიულად უკვე ანექსია ხდება, შესაბამისად, ჩვენ ძალიან პრინციპულად ვითხოვთ, ეს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს მთავრობა, გადაიხედოს. ხელისუფლებამ შეიმუშაოს ამ მხრივ მკაფიო პოზიცია და ასევე მკაფიო პოზიცია შეიმუშაოს პარლამენტმა", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, რეზოლუციის მთავარი მიმართულებები კარასინ-აბაშიძის ფორმატის გაუქმება იქნება და შესაძლებელია კვლავ დააყენონ საკითხი, რომ ქართული მხარე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.

"რეზოლუციის მთავარი მიმართულებები იქნება კარასინ-აბაშიძის ფორმატის გაუქმება, როგორც არაფრისმომტანის ჩვენი ქვეყნისათვის და პირიქით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დამაზიანებლის. აგრეთვე იქნება მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი. ვფიქრობთ, რომ კვლავ დავაყენოთ საკითხი, რომ ქართული მხარე შეუერთდეს იმ სანქციებს, რომლებსაც თავისუფალი სამყარო იღებს რუსეთის წინააღმდეგ", - ამბობს წიკლაური.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წინადადებას განიხილავენ, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების საჭიროებას ვერ ხედავენ.

"აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება არ მიმაჩნია სწორად. მეორეც ერთი, ეს გადასაწყვეტია მთავრობის ხელმძღვანელის, იმიტომ რომ ის პრემიერის პირადი წარმომადგენელია. შემოგვთავაზონ ნებისმიერი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, იქნება მისი განხილვა და რაციონალური მარცვლის დანახვის შემთხვევაში ჩვენ პრობლემა იმაში არ გვაქვს, რომ ვისი შემოთავაზებულია ესა თუ ის დოკუმენტი. მთავარია, იყოს შინაარსიანი და კონსტრუქციული", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების პარლამენტში განსახილველად გუშინ შევიდა. პროექტი ითვალისწინებს საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს. დაჯგუფების მიზანი იქნება აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა. ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს.

კომენტარები