საჯარო ფინანსები

2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას რეალურ დროში დააკვირდება

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

2015 წლის პირველი იანვრიდან ახალი საბიუჯეტო რეფორმა ამოქმედდება. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ოპერაციები, გარდა სასწავლო დაწესებულებებისა, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცევა და მათი ყველა ოპერაცია ხაზინაში აღირიცხება. ორგანიზაციების ბიუჯეტები სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან სისტემაში (PFMS) გადაინაცვლებს, რის შემდეგაც სახელმწიფოს მისი მონიტორინგი გაუმარტივდება.

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული პროექტი ბიუჯეტის შესრულების უკეთესად დაკვირვების საშუალებას იძლევა, რადგანაც სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სსიპ-ების ბიუჯეტების ათვისებას რეალურ დროში დააკვირდება.

სსიპ-ები რეფორმამდე საკუთარი ბიუჯეტების შესრულების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს კვარტალში ერთხელ აწვდიდნენ, ახლა კი ისინი რეალურ დროში მიაწვდიან სახელმწიფოს ინფორმაციას. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არ შეზღუდავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამოუკიდებლობის ხარისხს. მათი განცხადებით, რეფორმა ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამინისტროს უფრო მეტი კოორდინაციის საშუალებას მისცემს.

სამინისტროს განცხადებით, რეფორმა ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობას არ შეამცირებს და ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესში ჩარევა არ მოხდება, ცვლილება მხოლოდ ბიუჯეტის ათვისების პროცესს შეეხება.

სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სსიპ-ების თანხები დღესდღეობით სხვადახვა კერძო ბანკის ანგარიშებზეა დარეზერვებული, ახალი რეფორმის შემდეგაც ეს ფინანსები კერძო ბანკების ანგარიშებზე დარჩება, მათ ბანკებში სახელმწიფო ხაზინა განათავსებს იქამდე, სანამ ორგანიზაცია მას არ გამოიყენებს. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ხაზინიდან ეს თანხები კვლავ კომერციულ ბანკებში განთავსდება კონკრეტული ვადიანობის მქონე დეპოზიტებზე, რაც საბანკო სექტორის საკრედიტო საქმიანობის განხორციელებას უფრო ეფექტურს გახდის. რეფორმამდე ბანკებში განთავსებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არ იყო განსაზღვრული ანგარიშის ვადიანობა. სამინისტროს განმარტებით, რეფორმის ამოქმედების შემდეგ ორგანიზაციები უკეთესად შეძლებენ არსებული სახსრების გამოყენებას იმგვარად, რომ ბიუჯეტმა განთავსებული დეპოზიტებისგან უფრო ეფექტიანად მიიღოს შემოსავლები, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ფინანსთა სამინისტრო პროექტის მოსამზადებელ ეტაპზეა, მან უნდა შექმნას სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზა. სამინისტრო რეფორმის განხორციელებისთვის კადრების გადამზადებასაც გეგმავს.

ფინანსთა სამინისტრო დეპოზიტების წამოღება-განთავსების ზუსტ მექანიზმზე კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან გადის.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, რეფორმა ბიუჯეტის შესრულებაზე დაკვირვების უკეთეს საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, სახელმწიფო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დღემდე კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშების ხაზინაში გადატანა სწორია, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა განხორციელდეს. გოცირიძის თქმით, ხშირად სწორი იდეა მოუმზადებლობის გამო უკუშედეგით შეიძლება დამთავრდეს და ფიქრობს, რომ ნაბიჯი შესაძლოა ნაჩქარევი იყოს.

გოცირიძის თქმით, თვითმმართველობებს წელიწადში ათ მილიონ ლარამდე შემოსავალი აქვთ თავისუფალი ნაშთების ბანკებისთვის გადაცემის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკებისთვის თავისუფალი ნაშთების გამოყენება კომერციულად მოგებიანია. ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის თქმით, საბოლოოდ ყველა დონის ბიუჯეტმა ხაზინაში უნდა მოიყაროს თავი, თუმცა ამისათვის სწორი დაგეგმვა და მენეჯმენტია საჭირო. მისივე აზრით, შესაძლოა ხაზინის საექსპლოატაციო ხარჯები გაიზარდოს და სახელმწიფომ კერძო დაწესებულებასავით ეფექტურად ვერ განკარგოს აღნიშნული ფინანსები. მაგალითად, თუკი პენსიებს ბანკების ნაცვლად ფოსტა ან სამინისტრო დაარიგებს, შესაძლოა გარკვეული შეფერხებები ან რიგები წარმოიქმნას. 

სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნა 2012 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავდა ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისათვის ოპერაციების გამარტივებას და ოპერატიულობის ზრდას. საბოლოოდ, ყველა სახელმწიფო დაწესებულება ხაზინის ელექტრონულ სისტემაში უნდა გაერთიანდეს.

კომენტარები