არეულობა თურქეთში

თურქეთში შეტაკებებში სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა

EPA

თურქეთში შეტაკებები ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის გრძელდება, არეულობის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. აქციებმა და შეტაკებებმა ქვეყნის მრავალი ქალაქი და რეგიონი მოიცვა. ქურთები ქუჩებში ანკარაში და სტამბოლშიც გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაარბიეს და გადაწვეს შენონები. დიარბაქირსა და რამდენიმე სხვა ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, ქუჩებს სამხედროები აკონტროლებენ. არ მუშაობს ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტები.

თუმცა, ქურთი აქტივისტები აქციების გამართვას მაინც ცდილობენ. ქურთების აღშფოთების მიზეზი სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქ კობანეზე ისლამისტების შეტევა გახდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გენოციდი ემუქრება. ისინი თურქეთის ხელისუფლებისგან კონფლიქტში ჩარევას და ქურთების დაცვას მოითხოვენ.

ისლამური სახელმწიფოს ძალები საზღვრისპირა ქალაქ კობანეზე შეტევას განაგრძობენ. ისლამისტებმა ქალაქის ნაწილი დაიკავეს და თურქეთის საზღვართან საკუთარი დროშები აღმართეს. კობანეს მიდამოებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიადარტყმებს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ახორციელებს.

შეერთებულ შტატებში აღიარებენ, რომ მხოლოდ ავიადარტყმებით ქალაქის გადარჩენა ვერ მოხერხდება. კობანეს ბედი თურქეთის მთავრობის პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელიც სახმელეთო ოპერაციის აუცილებლობას აღიარებს, თუმცა კონფლიქტში ჩარევისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

კომენტარები