საქართველოს პრემიერის პრესსამსახურს შვედეთის ელჩი საქართველოში ისევ დიანა იანსე ჰგონია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, "პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიანა იანსეს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს". აღსანიშნავია, რომ მათ მიერვე გავრცელებულ ფოტოზე შვედეთის ახალი ელჩი საქართველოში მარტინა ქუიქია აღბეჭდილი. დიანა იანსემ საქართველოში დიპლომატიური მისია 2014 წლის აგვისტოში დაასრულა. ის მარტინა ქუიქმა შეცვალა.

"საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოსთან თანამშრომლობს და პროექტებს აფინანსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა. მანვე მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ევროინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის (14:00) პრემიერის პრესსამსახურმა შეცდომა გაასწორა.





