ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერი: ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი

ტაბულა

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში მოსახლეობას ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მიმართა. პრემიერმა მოსახლეობას 1-ლი ოქტომბერი მიულოცა და აღნიშნა, რომ გავლილი 2 წელი არ იყო იოლი.

"ხალხმა აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, წინსვლა და განვითარება. 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა და დამერწმუნეთ, რომ ეს ბრძოლის გზა არ იყო იოლი. მე მინდა გულწრფელად გამოვხატო აღფრთოვანება ჩვენი ხალხის შემართების, მათი თავგანწირვის და გმირობის მიმართ. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, მეგობრებო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და პროცესების არჩევნებამდე მშვიდობიანი მიყვანა და რეჟიმის დამარცხება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს ეკადრება", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ახლანდელ ხელისუფლებას ურთულესი მემკვიდრეობა ერგო და ერთობლივი მუშაობით საქართველო სწორ გზაზე დააყენეს ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა სფეროებში.


"ჩვენ მართლაც ურთულესი მემკვიდრეობა გვერგო - ჩვენ გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი წელი, თავისი სირთულეეებით, თავისი გამოწვევებით და ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა. ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. დაწყებული ჯანდაცვით და განათლებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით და სამართლიანობის დამკვიდრებით ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიციაში არსებული კონფლიქტები დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

"ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესია. ჩვენ – ხელისუფლებაც და ხალხიც, ახლა გავდივართ სწორედ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავივლით ამ ეტაპს. შეიძლება, მე არ გამოვრციხავ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს. განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენს ქვეყანაში" - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები