მინისტრების სესხები

ეკა გიგაური: თანამდებობის პირების მიერ აღებული სესხები ეჭვებს აღძრავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ იმ თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს, რომლებსაც ბანკებში დიდი ოდენობით სესხები აქვთ აღებული, მონიტორინგი შემდგომშიც უნდა ჩაუტარდეს.

როგორც გიგაურმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში აღნიშნა, ამ სესხებთან დაკავშირებით შესაძლოა გარკვეული ეჭვები გაჩნდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ამ სესხების დაფარვას მათი (თანამდებობის პირთა) შემოსავალი არ ეყოფა, ისინი ამას შეეცდებიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებით და სხვადასხვა ბიზნესკომპანიებთან გარიგეგების საფუძველზე. ან შეუძლება მათ უვე აქვთ ასეთი გარიგებები, აქვთ გარკვეული წილები, გარკვეული შემოსავლები, რომელიც მათ არ შეაქვთ დეკლარაციებში", - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სესხების საპროცენტო განაკვეთებია. ორგანიზაციამ ყოველთვიოური შენატანების გამოსათვლელად ბანკების მიერ გამოქვეყნებული პირობები და მათივე „სესხების კალკულკატორები" გამოიყენა. „იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ აღებული ეს თანხები უფრო დაბალ პროცენტად, ვფიქრობ, მაშინ ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემა. თუ, მაგალითად, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის განაკვეთი არის 16 პროცენტი და მათ ეს სესხი გამოიტანეს 2 პროცენტად, აქ თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ კორუფციაზე. რადგან მათ ფაქტობრივად თავიანთი მდგომარეობა გამოიყენეს სათავისოდ. ეს არის კორუფციის ერთ-ერთი ფორმა", - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რამდენიმე მინისტრს და მინისტრის მოადგილეს დიდი ოდენობით საბანკო სესხები აქვთ აღებული. ზოგიერთ შემთხვევაში, სასესხო ვალდებულების მომსახურებისთვის საჭირო თანხა მათი ხელფასის ნახევრზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი ხელფასს აღემატება. კვლევა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით ჩატარდა.

კომენტარები