სტიქია დასავლეთ საქართველოში

ხაჩიძე ივანიშვილს სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოგა ხაჩიძე საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებს. ხაჩიძის თქმით, ის ივანიშვილს მიმართავს როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და რომელიც არის ქვეყნის პრაქტიკული მმართველი.

უმცირესობის წევრმა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ კახელებს კომპენსაციები გამოუყო და იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილი ახლაც ისეთივე აქტიური და გულუხვი იქნება, როგორც მაშინ იყო.

„ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ეს პათოსი მხოლოდ საარჩევნოდ არ ჰქონდა ბატონ ბიძინას. მით უმეტეს ახლა, როდესაც იგი არის ქვეყნის პრაქტიკული მმართველი და ისეთივე ინიციატივიანი, ისეთივე გულუხვი და იგივე პათოსით იქნება სავსე, როგორც 2012 წელს კახეთის სტიქიის დროს იყო“. - ამბობს ხაჩიძე.

ხაჩიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ამ პრობლების მოგვარებაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ძლიერი წვიმამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გურიაში, სოფელ შემოქმედში შექმნა, სადაც 10 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ადიდებულმა მდინარემ გზებიც დააზიანა. დაიტბორა ბათუმის რამდენიმე ქუჩაც, რის შედეგადაც დაზარალდა მაღაზიები, 650 ოჯახი კი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთშიც.

კომენტარები