ღარიბაშვილი გაეროში

ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის საქართველოსთვის საინტერესო ყველა საკითხს შეეხება.

პრემიერის გამოსვლა აშშ-ის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, ეს იქნება დაახლოებით 10-წუთიანი გამოსვლა. 

„საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მე მექნება ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა და შევეხები ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხს. ვიზიტის ფარგლებში მე შევხვდი ქუვეითის პრემიერს, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპელ ლიდერებს, ასევე, საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი აშშ-ის პრეზიდენტს. მიღების ფარგლებში ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გველოდება წინ“, - განაცხადა პრემიერმა. 

ამასთან, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესზე ისაუბრეს. პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის დროებითი გამოყენება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ჰერმან ვან რომპუის ასევე მიაწოდა ინფორმაცია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები