საჯარო ფინანსები

მინისტრებს სესხების მომსახურება დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტი უჯდებათ

მინისტრებისა და მათი მოადგილეების სასესხო ვალდებულების მომსახურებისთვის საჭირო თანხა მათთვის კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში აღემატება კიდეც. კვლევა თანამდებობის პირების სასესხო ვალდებულებების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ მათ ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2014 წლის მარტში $200 000 ოდენობის სესხი აქვს აღებული. გარდა ამისა, მან სხვადასხვა პერიოდში $70 000 და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევაში განმარტავს, რომ ბანკ რესპუბლიკის ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით, მხოლოდ $200 000-იან სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით $2 000-ის გადახდა მოუწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია. ოთარ დანელიასა და მისი მეუღლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მათი შემოსავალი სხვადასხვა ანაზღურებადი საქმიანობიდან 2013 წლის განმავლობაში სულ დაახლოებით 120 000 ლარი იყო, ანუ თვეში დაახლოებით 10 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81 070 ლარი იყო. დანელიას სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს 2012 წლის ნოემბრიდან ბანკ ქართუში $120 000-იანი სესხი აქვს დამტკიცებული. სესხის გადასახდელად მინისტრს $1 586 (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერში დაიკავა თანამდებოდა და ნოემბერშივე, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა $169 000-ად შეიძინა. იმავე თვიდან საქართველოს ბანკში მას $140 000-ის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს რეგისტრირებული. საქართველოს ბანკის სესხების კალკულატორის მიხედვით, მინისტრს თვეში დაახლოებით $1 700-ის გადახდა უწევს სესხის დასაფარად, რაც მისი ხელფასის 52%-ია.

სოზარ სუბარი 2012 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2014 წლის ივლისიდან კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრია. 2013 წლის მარტში სუბარს ქართუ ბანკმა $140 000-ის ოდენობის სესხი დაუმტკიცა და მან თბილისში სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა. ბინის მესაკუთრედ სუბარის მეუღლეა მითითებული. მსგავსი ოდენობის სესხზე გადასახადი თვეში დაახლოებით $1 700 აშშ დოლარი უნდა იყოს, ანუ მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%. 

სესხის მომსახურებისთვის ხელფასის დიდი ნაწილის გაღება უწევს მინისტრის ზოგიერთ მოადგილესაც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დიმიტრი მახათაძეს $ 315 000 ოდენობით იპოთეკური სესხი აქვს აღებული, რომლის მომსახურებისთვისაც თვეში დაახლოებით $ 1 798 გადახდა უწევს, რაც მისი ოფიციალური ხელფასის 106%-ია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს $190 000-ის ოდენობის იპოთეკური სესხის მომსახურებისათვის თვეში 4 800 ლარი სჭირდება, რაც მისი ოფიციალური ხელფასის 175%-ია. 

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზურა აზმაიფარაშვილს 275 000 ლარის ოდენობის სესხი აქვს, რომლის მომსახურებაც დაახლოებით თვეში 3 500 ლარი უჯდება. ეს მისი ოფიციალური ხელფასის 118%-ია. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე საკუთარი ხელფასის დაახლოებით 95%-ს იმ იპოთეკური სესხის მომსახურებას უნდა ახარჯავდეს, რომელიც 2013 წლის ნოემბრიდან აქვს რეგისტრირებული და რომლის ოდენობაც 260 000 ლარსა და $28 600-ს შეადგენს. 

კომენტარები