კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ზაქარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის განხილვას ითხოვს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტს მიმართავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ. როგორც ზაქარეიშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მისი უწყების საკანონმდებლო ინიციატივა, ახლა ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებად იქცა.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების სასაზღვრო მონაკვეთების უკანონოდ გადმოკვეთის პირველი შემთხვევის დროს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებას ითვალისწინებს. სისხლისსამართლებრივი დევნა კი, კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება. ცვლილების ინიციატორი რეინტეგრაციის სამინისტროა.

ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ზაქარეიშვილის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის სასჯელის ქვეშ უდანაშაულო ადამიანები ექცევიან, რაც, მისივე აზრით, სამართლებრივად არასწორია. 

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ წელს მიიღო, თუმცა განხილვის პროცესი მას შემდეგ არ გაგრძელებულა.

კომენტარები