ადამიანის უფლებები

ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირების კომისია აპრილიდან აღარ ფუნქციონირებს

ირმაზე მეუღლე 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. პირველად ხელი ქორწინებიდან მეოთხე დღეს დაარტყა. თავიდან ძალადობა სიმთვრალეში ხდებოდა, შემდეგ ფხიზელ მდგომარეობაშიც. როცა ქმარი ცემდა, ოჯახის წევრები ოთახიდან გადიოდნენ. ირმა სახლიდან რამდენჯერმე წამოვიდა, ოღონდ მცირე პერიოდით. ამ პერიოდში დადიოდა ფსიქოლოგებთან, შემდეგ კი, მისი თქმით, იძულებული იყო ქმართან დაბრუნებულიყო - ამის მთავარი მიზეზი ეკონომიური ფაქტორი იყო.

სახლიდან წამოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქმარმა სამსახურში წასვლის წინ სცემა. ჯერ მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, ორი თვის შემდეგ კი უთხრეს, რომ დრო იყო ქმართან დაბრუნებულიყო. თუმცა მეგობართან წავიდა და შემდეგ შვილთან ერთად მოხვდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში. ამბობს, რომ თავშესაფარში ყოფნა თავიდან გაუჭირდა, შემდეგ კი ფსიქოლოგების, იურისტების და თავშესაფრის სხვა თანამშრომოლების დახმარებით მდგომარეობიდან გამოვიდა.

დაახლოებით ერთ თვეში ირმას თავშესაფარში ყოფნის ვადა ეწურება და სამსახურს ეძებს, რადგან გეგმავს შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდეს საცხოვრებლად. ქმარს შერიგება უნდა, თუმცა ირმა ფიქრობს, რომ ის არ შეცვლილა და შერიგებას არ აპირებს. ხანდახან ხვდება, რათა ბავშვს მამის ნახვის საშუალება ჰქონდეს.

ირმას ისტორია გამონაკლისი არაა. მასთან ერთად თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ისინიც ამბობენ, სახლიდან წამოსვლისგან თავს ეკონომიური ფაქტორის გამო იკავებდნენ. მათივე თქმით, ბევრი ქალს ეშინია, რომ პატრული სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, რის გამოც ძალადობის მოთმენა უხდებათ.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში მოსახვედრად მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაა საჭირო. სტატუსის მისაღებად კი რამდენიმე გზა არსებობს - პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, სასამართლოს მიერ გამოწერილი დამცავი ორდერი და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. საბჭოს მუშაობის მთავარი პრინციპი ისაა, რომ რამდენიმე ადამიანი საქმეს განიხილავს და ქალს მსხვერპლის სტატუსს ანიჭებს, მაშინ როცა შემაკავებელი ორდერის გამოწერას პოლიციის თანამშრომელი დამოუკიდებლად წყვეტს და მსხვერპლმა უნდა ამტკიცოს, რომ მსხვერპლია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ გამოწერილ დამცავ ორდერს, ამ შემთხვევაში მოძალადე იღებს ინფორმაციას მსხვერპლის აქტივობის შესახებ და დამატებით ძალადობის დიდი რისკი არსებობს.

იმ კანონქვემდებარე აქტებს, რომლებიც მსხვერპლის იდენტიფიცირების უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობას არეგულირებს, ვადა გაუვიდა და 2014 წლის აპრილიდან საბჭოს მუშაობა შეჩერებულია. იურისტმა ნინო ბოლქვაძემ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ერთად აგვისტოში მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას ახალი აქტების შემუშავების მოთხოვნით. გარდა ამისა, მთავრობას წარუდგინეს უკვე შემუშავებული დებულებებიც. თუმცა ამას კონკრეტული რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ნინო ბოლქვაძე ამ ეტაპზე სასამართლოს მიმართავს და ითხოვს მთავრობას დაევალოს ვალდებულების შესრულება.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობის პრობლემა ძალიან დიდია, მაგრამ არ ჩანს, რადგან სახელწიფო ვერ ახდენს რეაგირებას და მის ინტესებშია პრობლემა ნაკლებად წარმოაჩინოს. მისი თქმით, რეალურად ძალიან ბევრი ქალი უშედეგოდ ითხოვს დახმარებას.

კომენტარები