გაერო-ში ვიზიტი

ფხალაძე: არ ვიცი, მაია ფანჯიკიძე ვიზიტის ჩაშლის რა მიზეზებს გულისხმობდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იციან, რას გულისხმობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, როდესაც "იმ რეალური მიზეზების" გამოქვეყნებას ითხოვს, რის გამოც აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტი ჩაიშალა. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რა ინფორმაციაც ჰქონდათ, უკვე გაავრცელეს. 

"არ ვიცი, ჰკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რას გულისხმობდა. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა, სრულად მოგაწოდეთ. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმაც თავად ძალიან ვრცლად ისაუბრა. თუ საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დამატებით რაიმე სათქმელი, სიამოვნებით მოვუსმენთ", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვს, გამოაქვეყნონ რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. ფანჯიკიძის თქმით, თვითონ ამ საკითხზე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. ცნობისთვის, 11 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გაერო-ში ვიზიტი ჩაიშალა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უმუშავია ამ ვიზიტზე. ყველა წერილზე, რომელიც ადმინისტრაციამ ვიზიტის და შეხვედრების დაგეგმვის თხოვნით მოიწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მათ ეგზავნებოდათ პასუხი, რატომ არ იყო მიზანშეწონილი ამ ვიზიტის განხორციელება და, შესაბამისად, შეხვედრების დაგეგმვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ ჩაშლიდა იმას, რაზეც არ უმუშავია. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროების გზით უნდა, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ უწყებას შორის, მაშინ ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც ეს ეხება, გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან გი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაერო-ში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრებოდა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ მიმოწერას საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ 25 თებერვლის მოწვევა საგარეო უწყებაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე მივიდა. ამასთან, მაია ფანჯიკიძის თქმით, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული მიმოწერა ამ უკანასკნელმა გაასაჯაროვა, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ აშშ-ში, გაეროს კლიმატის სამიტზე გაემგზავრებოდა, თუმცა, 11 სექტემბერს მან საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა. 

"მე ვერ გეტყვით, რა ჯგუფების მხრიდან არის ჩაშლილი, მაგრამ ის, რა შეხვედრებისთვისაც ვემზადებოდით... ინფორმაცია იქამდეც მივიღეთ, ვიცოდით, რომ არ გვეხმარებოდნენ, მაგრამ ის, რომ გადადგამდნენ სერიოზულ ნაბიჯებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა ეფექტური ვიზიტი, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია მივიღე დღეს. მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ იმუშავა ამაზე, მაგრამ ეს შედეგები მივიღე დღეს... დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არის ჩაშლილი", - თქვა მარგველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მან გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ორჯერ ორი ოთხია, გაერო-ში პრემიერი უნდა წავიდეს".

კომენტარები