გაერო-ში ვიზიტი

ზალკალიანი: ეს არის გაეროს სამდივნოს მიერ დაშვებული შეცდომა

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი კლიმატის ცვლილებების სამიტზე დასწრებასთან დაკავშირებით გაეროდან მიღებულ წერილზე საუბრობს. ის წერილის მიღების ქრონოლოგიას ჰყვება.

"ეს წერილი დათარიღებულია 25 თებერვლით. საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, გაეროს მისიაში წერილი შემოსულია 14 მარტს. მას საფოსტო შტამპი აქვს. რამდენადაც კომიკური არ უნდა იყოს, წერილი მოსულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე. მას ხელს აწერს გაეროს სამდივნოს წარმომადგენელი.

შეიძლება, დაგვადანაშაულოთ, რატომ არ იყო ცნობილი გაეროსთვის პრეზიდენტ მარგველაშვილის შესახებ? პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიღებული აქვს გაეროს გენერალური მდივნის მისალოცი წერილი, როდესაც მისი ინაუგურაცია იყო. როდესაც ჩვენ მოვიწვიეთ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრები, რა თქმა უნდა, იქ გაეროს წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინიც ესწრებოდნენ. საგარეოს დადანაშაულება იმაში, რომ არ ვაცნობეთ გაეროს, რომ პრეზიდენტი არის გიორგი მარგველაშვილი, ეს აბსურდი და კატეგორიულად მიუღებელი არგუმენტია.

ამის შემდეგ, გაეროს მისიამ მიმართა გაეროს სამდივნოს, რომ შეესწორებინა ეს შეცდომა, რომლის პასუხიც ჩვენ მივიღეთ მაისის ბოლოს, 30-ში. მივიღეთ ახალი წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე. თუმცა, თარიღი არ არის შეცვლილი და 25 თებერვალი წერია. ეს არის გაეროს სამდივნოს მიერ დაშვებული შეცდომა, რომელზეც მყისიერად მივუთითე. შემდეგ გავუგზავნეთ ეს წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ადმინისტრაციისგან გაგზავნილ წერილზე მხოლოდ 1 თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი. რატომ ამას არ კითხულობთ, როდესაც ქრონოლოგიაზე საუბრობთ?", - ამბობს ზალკალიანი.

ზალკალიანის თქმით, იმის თქმა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი გაეროს სამიტზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაშალა, კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა.

"როდესაც ხელის გამოშვერა საგარეო საქმეთა სამინისტროზე ხდება, რომ ჩვენ ჩავშალეთ ვიზიტი, კატეგორიულად მიუღებელი და უპასუხისმგებლო განცხადებაა. ეს არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეების მხრიდან, რომლებიც მის საგარეო ვიზიტებს გეგმავენ", - თქვა ზალკალიანმა.

კომენტარები