მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში 2014

აშშ ფინალშია, მეორე ფინალისტის ვინაობას საფრანგეთი და სერბეთი გაარკვევენ

http://www.fiba.com/

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში, აშშ-ის ნაკრებმა ლიტვა 28 ქულის სხვაობით - 96:68 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შეიძლება ითქვას, ამერიკელებმა ფინალამდე განსაკუთრებული სირთულეების გარეშე მიაღწიეს. NBA-ს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ჯერ მექსიკას სძლია (86:63), შემდეგ კი სლოვენიის შედარებით ძლიერი ნაკრებიც დაამარცხა (119:76).

რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებას, ლიტველმა კალათბურთელებმა ღირსეული წინააღმდეგობა მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, შემდეგ კი ამერიკელთა უპირატესობა კითხვის ქვეშ არ დამდგარა.

ყველაზე მეტი - 18 ქულა მოაგროვა კაირი ირვინგმა, კლეი ტომპსონმა და ჯეიმს ჰარდენმა კი, ორივემ - 16.

დღეს, მეორე ნახევარფინალური შეხვედრა შედგება, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და სერბეთის გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მასპინძელი - ესპანეთის ნაკრები ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა. ესპანელები საფრანგეთთან, ანგარიშით - 65:52 დამარცხდნენ.

კომენტარები