მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში 2014

ახალ ზელანდიას ჰაკამ ვერ უშველა, ავსტრალიამ კი ლიტვა დამაჯერებლად დაამარცხა

აშშ-ის ნაკრების კალათბურთელებს მატჩისწინა ე.წ. გახურებისას შეჩერება მოუწიათ, რათა ახალი ზელანდიელი მოწინააღმდეგეების შესრულებით ეროვნული ცეკვა, ჰაკა ენახათ.

Tall Blacks-მა (ახალი ზელანდიის კალათბურთელთა ნაკრების ზედმეტსახელი) ჰაკა შესანიშნავად შეასრულა, ამერიკელებს კი სახეებზე ეტყობოდათ, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ. 

NBA-ს ვარსკვლავებმა ცეკვას თავისი თამაშით უპასუხეს და ეს არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. აშშ კვლავ დაუმარცხებელია, მის რიგებში კი ისევ შესანიშნავად თამაშობენ ენტონი დევისი (21 ქულა, 9 მოხსნა) და კენეთ ფარიდი (15 ქულა, 11 მოხსნა).

მაქსიმუმი, რაც ზელანდიელებმა შეძლეს, მესამე პერიოდში იმდენივე ქულის ჩაგდება, რამდენიც ამერიკელებმა შეძლეს, თუმცა ამის შემდეგ კრჟიჟევსკის გუნდმა ყველაფერი ჩვეულ რიტმში დააბრუნა და შეხვედრა ლოგიკურად - 98:71 დასრულდა.

"ეს შესანიშნავი დღეა. ჩვენ ვითამაშეთ იმ ბიჭების წინააღმდეგ, რომლებსაც რეგულარულად ტელევიზიით ვუყურებთ. მათთან ერთად პარკეტზე გასვლა და თუნდაც მინიმალური შეტევითი წარმატების მიღწევა, საოცარი რამაა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის ფორვარდმა, კეისი ფრანკმა.

რაც შეეხება აშშ-ს, გუნდს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, შემდეგ კი ბილბაოდან მერვედფინალური მატჩების ჩასატარებლად ბარსელონაში გადავა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ავსტრალიამ დამაჯერებლად დაამარცხა ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ლიტვის ნაკრები. ენდრიუ ბოგატის არყოფნის მიუხედავად, ოკეანელებმა დაადასტურეს, რომ ამ ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოლებენ.

კომენტარები