საჯარო ფინანსები

ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 114, გადასახდელების კი 402 მილიონი ლარით გაირღვა

პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშს განიხილავს. ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, შემოსულობებში 114 მილიონ ლარამდე, გადასახდელებში კი 402 მილიონ ლარამდე გარღვევაა. ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილში დაგეგმილი 4.1 მილიარდი ლარის ნაცვლად 4 მილიარდი შემოვიდა, ხოლო გადასახდელებში 4.4 მილიარდის ნაცვლად დახარჯულია 3.9 მილიარდი ლარი.

საქართველოში ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ აუთვისებელი თანხები პრობლემას შეუქმნიან ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება ბიუჯეტი არ შესრულდეს, ვიდრე დაგეგმილზე მეტი ხარჯები გაიწიოს დარჩენილი სამნახევარი თვის მანძილზე. 

6 თვის ანგარიშის მიხედვით ვერ შესრულდა საინვესტიციო პროექტების ნაწილიც. არასამთვრობო ორგანიზაცია GRASS-ის მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე საინვესტიციო ნაწილში ჩამორჩენას საგარეო ვალის არაეფექტიან ათვისებას უკავშირებს. არაეფექტიანად არის ათვისებული საგრანტო თანხებიც. საინვესტიციო ნაწილში 151 მილიონი ლარის გარღვევას ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ჩაშლილი ტენდერებით ხსნის. 

ფინანსთან სამინისტრო გადასახადების სახით 2014 წლის პირველ ნახევარში 3.1 მილიარდ ლარს ელოდა. ფაქტიურმა მაჩვენებელმა კი დაგეგმილს თითქმის 100 მილიონი ლარით გადააჭარბა და 3.2. მილიარდი შეადგინა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გადასახადების ნაწილის გადაჭარბებით შესრულებისა კლება აღინიშნება მოგების გადასახადის კომპონენტში. 

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ წლის ბოლოს ლარის გაუფასურება და სავალუტო რეზერვების დახარჯვის თავიდან არიდება დამოკიდებული მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, სხვა შემთხვევაში შესაძლოა განმეორდეს 2013 წლის სცენარი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარამდე დახარჯა გაუფასურებული ლარის გასამყარებლად, რათა არ შეირყეს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ნამჩავაძის თქმით ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს მოუწევთ თანამშრომლობა რათა არ განმეორდეს ის რაც 2013 წელს მოხდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა 30 სექტემბერს დაიწყება და პრიორიტეტები საქართველო 2020-ში გაწერილი პროგრამის მიხედვით განისაზღვრება. 

კომენტარები