უელსის სამიტი

პეტრიაშვილი: არ გვაქვს დრო, ველოდოთ, რამდენად შორს წავა რუსეთის პრეზიდენტი

სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა CNBC-ის ეთერში დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსია და რუსული აგრესია. მისივე თქმით, საქართველოსაც აქვს ცუდი გამოცდილება 2008 წლის ომის სახით, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა. თუმცა, მინისტრის თქმით, მაშინ დასავლეთის რეაქცია არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა.

"პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი და მთავრობის სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მიმართ. ვგმობთ უკრაინული ტერიტორიის ანექსიას, რუსეთის ინტერვენციასა და ღია პირდაპირ აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია, მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, მიუღებელია 21-ე საუკუნისთვის. ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი გამოცდილება 2008 წელს, როდესაც იყო ომი, და როდესაც მოხდა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. სამწუხაროდ, დასავლეთის რეაქცია არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის. ახლა საერთაშორისო საზოგადოება რეაგირებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე", - თქვა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარება და დასავლელი ლიდერების პოლიტიკური განცხადებები მნიშვნელოვანია.

"სანქციები არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკური განცხადებები მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დაცვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა დაცული და სტაბილური ევროპისთვის. ასე რომ, ევროპელი ლიდერები აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს, ვიგებთ ძალიან კარგ და ძლიერ სიგნალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, დიდი ბრიტანეთის პრემიერისგან, ლიტვის პრეზიდენტისა და სხვებისგან.

უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ვისხდეთ და ველოდოთ, რამდენად შორს წავა რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთი ქვეყნიდან-ქვეყნის ოკუპირებით. საქართველო და უკრაინა ევროპული სახელმწიფოებია, რომლებიც თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ არჩევანს, თავიანთ სურვილს, შეუერთდნენ ევროკავშირს. არავის აქვს ექსკლუზიური უფლება, შეცვალოს საქართველოს არჩევანი. ეს არის არჩევანი ქართველი ხალხის, უკრაინელი ხალხის ისტორიული არჩევანი. ამისთვის მათ "დიდი ფასი" გადაიხადეს. ასე რომ, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მოლდოვას სჭირდება მხარდაჭერა. NATO-ს გადაწყვეტილება მისცემს ძალიან ძლიერ სიგნალს, მესიჯს ქართველ ხალხს, მათაც, ვისაც უხარიათ საქართველოს ინტეგრაცია და ვისაც არ უხარიათ, შეშფოთებული არიან.
ჩვენი ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არაა მიმართული. გვინდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ არ შეგვიძლია, დავუშვათ 21-ე საუკუნეში ბერლინის კედლის მშენებლობა - ახალი ბერლინის კედლის მშენებლობა, ჩვენი მეგობარი უკრაინის ტერიტორიის ოკუპირება", - თქვა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილისვე თქმით, საქართველოსთვის დიდი ხანია პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. "ეს არის პრიორიტეტი საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის და უნდა ვთქვა, რომ ვერაფერი შეგვაცვლევინებს ამ პრიორიტეტს", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები