დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში: ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში ებოლას ვირუსმა 1200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს ებოლას ვირუსის ყველაზე დიდი ეპიდემიაა, რაც აქამდე აღრიცხულა. ებოლა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია, რომლის ფატალურობის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ს შეადგენს.
ვირუსი გვინეაში მარტში გამოვლინდა, ხოლო განსაკუთრებით მასშტაბური სახე ივლისში მიიღო. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში და Doctors without Borders-ს (ექიმები საზღვრების გარეშე) განცხადებით, მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება.
ებოლას საინკუბაციო პერიოდი 21 დღეს შეადგენს. ამ პერიოდში დაინფიცირებულმა პირმა შესაძლოა საზღვარი გადაკვეთოს და ვირუსი უცხოეთში გაავრცელოს. ებოლა დაინფიცირებულის სისხლთან კონტაქტის შედეგად ვრცელდება.
ლიბერიის მთავრობამ საზღვრების გამკაცრებული კონტროლის გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოების ფართო თავშეყრის ადგილებში ინფექციური კონტროლის საველე პუნქტები დაამატა, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. მთავრობა მოსახლეობას ჰიგიენის ზომების მაქსიმალური დაცვიკენ მოუწოდებს.
ნიგერიულმა ავიაკომპანიებმა ASKY-იმ და Arik Air-მა უკვე შეაჩერეს ფრენები ლიბერიის დედაქალის მონროვიის მიმართულებით.
Reuters-ის ცნობით, ებოლას ვირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ბრიტანეთში უკვე ჩატარდა საგანგებო შეხვედრა, რომელიც აეროპორტებში ინფექციური კონტროლის გამკაცრებას შეეხებოდა.
ებოლა პირველად 1976 წელს ზაირსა და სუდანში გავრცელდა და დაახლოებით 400 ადამიანი იმსხვერპლა. სავარაუდოდ, ვირუსი ადამიანზე სხვა ძუძუმწოვრებიდან გავრცელდა. ებოლას მატარებლები შესაძლოა ღამურები იყვნენ, რომლის თერმულად დაუმუშავებელ ხორცსაც დასავლეთ აფრიკაში მიირთმევენ.
ებოლას ნიშნები საწყის ეტაპზე უბრალო გაციებას ჰგავს, სწორედ ამიტომ დაავადებულმა შეიძლება ის გარშემო მყოფებსაც მარტივად გადასდოს. საბოლოო ეტაპზე კი, დაავადებულს ჰემორაგიული ცხელება აქვს და სხეულის ნაწილებიდან, მათ შორის - თვალებიდან, სისხლი მოსდის.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მათი განცხადებით, ებოლა საქართველოსთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს.
ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით შექმნილი არ არის.