საიდუმლო მიმოწერა

რატიანი: საიდუმლო მიმოწერის თემაზე პრეზიდენტი გაცილებით პრინციპული უნდა იყოს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, საიდუმლო მიმოწერის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გაცილებით უფრო პრინციპული უნდა იყოს. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის  დარღვევით, მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერა გაასაჯაროვა. ამის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა. სერგო რატიანის განცხადებით, "პირველად არ ხდება, როდესაც პროკურატურა აშკარა დარღვევით ცდილობს მტკიცებულებების მოპოვებას. ეს სხვა დროსაც ბევრჯერ მომხდარა პოლიტიკური დევნის პროცესში. როგორც ჩანს, პრეზიდენტს სურს, გაემიჯნოს ამ უხერხულობას, რაც ხდება საქართველოში, მაგრამ ამას აკეთებს ძალან ფრთხილად და არასაკმარისად. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გაცილებით უფრო პრინციპული უნდა იყოს".

ცნობისთვის, 8 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ "პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. საქართველოს პროკურატურის განცხადებით კი, უწყებას საიდუმლო ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებს, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინათ საზოგადოებას უშიშროების საბჭოს მდივანმა და მაშინდელმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა მიაწოდა. პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი "საიდუმლო" კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოეხსნა, რომლის თანახმად, საქმეს გრიფი არასწორად ჰქონდა დადებული. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე გრიფი „საიდუმლო“ მხოლოდ საქმის მცირე ნაწილზე რჩება და მისი მოხსნის თხოვნით პროკურატურამ პრეზიდენტს უკვე მიმართა. 

კომენტარები