ებოლას ეპიდემია

დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიამ 1779 ინფიცირებულიდან 961 იმსხვერპლა

ებოლას ეპიდემია
nbcnews.com

ებოლას ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში ექსტრაორდინარული მოვლენაა და ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, - განაცხადა ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

ებოლამ უკვე იმსხვერპლმა დაახლოებით 961 ადამიანი აფრიკის კონტინენტის დასავლურ ქვეყნებში. „საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი იმისთვის, რომ უკუვაგდოთ ებოლას ეპიდემიის საერთაშორისო გავრცელება", - ითქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ებოლას საგანგებო კომისიის სხდომაზე.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, მარგარეტ ჩენის განცხადებით, ეპიდემია იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი კონტროლია შესაძლებელი. ჩენი ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციას 40-წლიანი ისტორია აქვს, ჯერ წამალი და ინფექციის პროფილაქტიკისთვის საჭირო ვაქცინა არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომების შემსუბუქებაზეა ფოკუსირებული - როგორიცაა სიცხე, ღებინება და დიარეა.

ჯანდაცვის ორგანიზაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქეიჯი ფუკუდა განმარტავს, რომ ებოლა ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, დაინფიცირება კი ბიოლოგიური სითხეების გაცვლით ხდება.

ფუკუდას თქმით, გავრცელების შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ებოლათი ინფიცირებული ადამიანების დაუყოვნებლივ იზოლაცია და 30 დღის განმავლობაში დახურულ გარემოში მკურნალობა.

ახლანდელი აფეთქების შედეგად 1779 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 961 გარდაიცვალა. ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ქვეყნები, სადაც ეპიდემიამ იფეთქა, არ ფლობენ ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.

ებოლას ვირუსით ინფიცირებულია აშშ-ის ორი მოქალაქეც. ისინი ფრანკლინ გრემის საქველმოქმედო ორგანიზაციის „სამარიტელის ქისის" სამედიცინო პერსონალს წარმოადგენდნენ აფრიკაში. ამერიკელები ებოლას ვირუსთან ბრძოლაში დაინფიცირდნენ. ორივე სამკურნალოდ ინკუბატორის მეშვეობით აშშ-ში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ოთხშაბათს, 6 აგვისტოს განცხადება ეთიოპიაში საქართველოს ელჩმაც გაავრცელა. ვახტანგ ჯაოშვილი ებოლას ვირუსის გავრცელების გამო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში გამგზავრებისგან.

"სამწუხაროდ, 90%-ში მკურნალობა არაეფექტურია. გამოცხადდა კარანტინის ზონები. ბევრმა ქვეყანამ უკვე დახურა სკოლები. სხვადასხვა ქვეყნებში ამოწმებენ დასავლეთ აფრიკიდან ჩასულ ხალხს. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, განსაკუთრებული საჭიროების არქონის შემთხვევაში, არ ეწვიონ ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით სიერა-ლეონეს, გვინეას და ლიბერიას", - აღნიშნა ვახტანგ ჯაოშვილმა.

 

კომენტარები