საიდუმლო მიმოწერა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროვების გამო შეშფოთებულია

რადიო თავისუფლება

„გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის  დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პრესასა და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

„შესაბამისად, მივმართავთ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება“, - აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.   

ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას დაარღვევს, კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„დაბოლოს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პროკურატურის მიერ ნახსენებ დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

როგორც საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებს, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინათ საზოგადოებას უშიშროების საბჭოს მდივანმა და მაშინდელმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა მიაწოდა.

პრესსამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი "საიდუმლო" კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოეხსნა, რომლის თანახმად, საქმეს გრიფი არასწორად ჰქონდა დადებული. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე გრიფი „საიდუმლო“ მხოლოდ საქმის მცირე ნაწილზე რჩება და მისი მოხსნის თხოვნით პროკურატურამ პრეზიდენტს უკვე მიმართა.

პროკურატურა საპასუხო განცხადების გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

კომენტარები