ნეფთჩი-ჩიხურა

შსს ჩიხურა-ნეფთჩის დაგეგმილ მატჩს ეხმაურება და გულშემატკივარს მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაქოში, საფეხბურთო გუნდების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე დაგეგმილი განმეორებითი შეხვედრის წინ გულშემატკივარს კორექტულობისკენ მოუწოდებს.

"მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული - ბაქოს ნეფჩი-სა და საჩხერის ჩიხურა-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ "ქართული სპორტის ქომაგების" წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

ქართული სპორტის ქომაგებმა გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის შეხვედრა 31 ივლისს, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა", სადაც აზერბაიჯანის, ისევე როგორც სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის ნაწილი საქართველოს იყო მიკუთვნებული.

კომენტარები