DCFTA

სამინისტრომ DCFTA-ს კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი გეგმა წარადგინა

REUTERS

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი გეგმა წარადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეთანხმების აღმასრულებელი გეგმა არის ყოვლისმომცველი და მაქსიმალურად მოიცავს ყველა უწყების განსახორციელებელ ღონისძიებებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. მისივე განმარტებით, აქ საუბარია იმ რეფორმების გაგრძელებაზე, რომელიც უკვე დაწყებული აქვს მთავრობას და ასევე ახალი რეფორმების განხორციელებაზე.

"ამ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ყველა შესაბამისმა უწყებამ და გათვალისწინებულია ასევე გამჭვირვალობის მექანიზმები, რაც გულისხმობს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას იმპლემენტაციის პროცესში. ჩვენ სექტემბრიდან უკვე შევქმნით ორ ფორმატს, ერთი იქნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრის მაოდგილეების და დეპარტამენტის უფროსების დონეზე იმუშავებს და მეორე ფორმატი იქნება საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ჩართული იქნება როგორც არასამთავრობო, ასევე ბიზნესსექტორი, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა", - თქვა ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმით, სამი წლის შემდეგ მთავრობა იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება უფრო ძლიერი და, შესაბამისად, ქვეყნის საკანონმდებლო სფერო იქნება დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე იქნება მეტი ქართული პროდუქცია, რომელიც იქნება ევროსტანდარტის შესაბამისი.

კომენტარები