ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ზურაბ კიწმარიშვილი: მანქანაში ნაპოვნ იარაღზე სისხლის კვალი არ იყო

იარაღზე სისხლის კვალი არ იყო - ამის შესახებ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, მან ნახა ავტომანქანა, რომელიც მთლიანად სისხლიანი იყო და ამის ფონზე იარაღი, რომელზეც სისხლის კვალი არ იყო, უცნაურად მოეჩვენა.

”მე ვნახე იარაღი, რომელიც როგორც ამბობენ მიბჯენით იყო გამოყენებული, მასზე არ იყო სისხლის კვალი. სხვაგან ყველგან იყო სისხლის კვალი. საკმაოდ ახლოს ვნახე იარაღი და ეს ჩემთვის საკმაოდ უცნაური დეტალი იყო”, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, კიდევ ერთი დეტალია, რომელიც თვითმკვლელობას გამორიცხავს. მისი თქმით, ეროსის ღვედი ეკეთა.

”ეროსი იჯდა მძღოლის ადგილას, ეკეთა ღვედი და ეცვა კოსტიუმი, მანქანის ფარები იყო ანთებული”, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.  

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გუშინ იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა.

კომენტარები