ედუარდ შევარდნაძე

ფანჯიკიძე: ედუარდ შევარდნაძის ღვაწლი მსოფლიო ისტორიაში კარგად დაფასდება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ედუარდ შევარდნაძის ღვაწლი მსოფლიო ისტორიაში დაფასდება. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, "დღეს ძალიან სამწუხარო დღეა, რადგან უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ საქართველოს მეორე პრეზიდენტს". მინისტრის თქმით, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის საქართველოში 28 ქვეყნის დელეგაციაა ჩამოსული. 

"ჩვენ უამრავი სამძიმრის წერილი მივიღეთ, მივიღეთ უამრავი თანაგრძნობა ადამიანებისგან, რომლებიც შესაძლოა ედუარდ შევარდნაძეს პირადად საერთოდ არ იცნობდნენ. განსაკუთრებით დიდია გამოხმაურება გერმანიაში, სადაც პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში მას უწოდებენ გაერთიანების მამას, ახალი ევროპული პოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელს, ახალი წესრიგის ფუძემდებელს. დარწმუნებული ვარ, მისი ღვაწლი მსოფლიო ისტორიაში კარგად დაფასდება და ალბათ, ეს დრო ჯერ კიდევ წინ არის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და სამძიმარი გამოუცხადა ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებს.

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამების ეზოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა და იმყოფება საპატიო ყარაული. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან მთავრობის წევრები, 28 ქვეყნის დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები