საქართველოს ევროპული გზა

პრემიერი: ვაპირებთ და ვგეგმავთ, რაც შეიძლება მალე მივუახლოვდეთ ევროპას

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში საქართველოს ევროპული გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. 
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გაფორმება ახალ შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. 

"ევროპა, ევროპული კურსი - ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები. რეფორმები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებთან და მის ხედვასთან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით.

"ეს ასახულია კიდეც მთავრობის სტრატეგიაში საქართველო 2020. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე. იგი ემყარება ეკონომიკური თავისუფლების, კერძო საკუთრების დაცვის და პატივისცემის პრინციპებს და მიზნად ისახავს სოციალური დაცვისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების ხარისხიანად ჩასატარებლად, იმიტომ რომ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რაც შეიძლება მალე მივუახლოვდეთ ევროპას. ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი ბევრ სხვადასხვა სფეროში, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ, მაგალითად და ეს, რა თქმა უნდა, კარგად იყო დემონსტრირებული არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები