ახალი ტექნოლოგიები

ბილ გეიტსი - Microsoft-იდან კონტრაცეპციამდე

1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსმა Microsoft-ი დააარსა და  შემდეგი 25 წელი ამ კომპანიის მართვას მიუძღვნა. სწორედ Microsoft-თან ასოცირდება ბევრი ადამიანისთვის მისი სახელი, თუმცა გეიტსმა კომპანიის მართვას თავი 2000 წელს დაანება, დირექტორთა საბჭოს წევრის სტატუსი კი 8 წლის შემდეგ დათმო და დღეს, შეიძლება ითქვას, არავითარი კავშირი არ აქვს კომპანიასთან, რომელმაც მას სიმდიდრე და სახელი მოუტანა.

Microsoft-ის CEO-ს პოსტის დატოვების შემდეგ ბილმა თავის ცოლ მელინდასთან ერთად კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია B&MGF (Bill & Melinda Gates Foundation) დააარსა და  უმთავრესი ყურადღება სწორედ ამ საქმიანობას დაუთმო.

2014 წლის მონაცემებით, გეიტსმა, როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, რა სტატუსიც ბოლო 20-დან 15 წლის განმავლობაში სწორედ მას ეჭირა, ქველმოქმედებას სიცოცხლის განმავლობაში ჯამში 26 მილიარდი დოლარი მოახმარა. შეგახსენებთ, რომ მისი ქონება დღესდღეობით 76 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ფარგლებში ბილი მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა აფრიკას და დიდ თანხებს გზავნიდა აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად. მხოლოდ ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად მისმა ორგანიზაციამ 1.2 მილიარდი გამოყო 2012 წელს. თუმცა ბოლო პერიოდში გეიტსის ყურადღება ადამიანთა გამრავლებამ და იმ პრობლემამ უფრო მიიქცია, რაც ამ მხრივ არსებობს.

პირველი ინიციატივა ამ მხრივ კანის მსგავსი პრეზერვატივის შექმნა იყო, რომელიც სექსს უფრო სასიამოვნოს გახდიდა. ბილის და მელინდას ფონდმა ამ მიზნის შესასრულებლად ვოლონგოგის უნივერსიტეტს, რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს, 100 000 დოლარი გამოუყო.

მკვლევრები ამ პროექტის ფარგლებში მუშაობენ ლატექსის ალტერნატიულ მასალაზე, რომელსაც ჰიდროგელი უწოდეს, რომელიც ნამდვილი კანის შთაბეჭდილებას ტოვებს.  

ერთადერთი უმთავრესი ინოვაცია რეპროდუქციის კონტროლის სფეროში, რომლის უკან სწორედ B&MGF დგას, არის დისტანციური ჩიპების შექმნა, რომელიც ქალს საშუალებას მისცემს თავად გადაწყვიტოს, თუ როდის ეყოლოს შვილი. იდეაზე MIT-ის პროფესორები მუშაობენ. მათ მიერ ამ იდეისთვის შექმნილმა კომპანია MicroChips-მა გეიტსების ფონდიდან უკვე მიიღო 4.7 მილიონი დოლარი, თუმცა მათ სხვა დამფინანსებლებიც გამოუჩნდათ და, ჯამში, შეძლეს და გეგმის განსახორციელებლად 26 მილიონი დოლარი მოიპოვეს.

იდეის მიხედვით, 20x20x7 მილიმეტრი ზომის ჩიპი, რომელიც დღიურად 30 მიკროგრამ ლევონორგესტრელს გამოყოფს (კონტრაცეპტივებში გამოყენებული ნივთირება), ქალს კანის ქვეშ დაუმაგრდება.

კონტრაცეპტივების მსგავსი ტექნოლოგიით ჩანაცვლება ბაზარზე დღესაც შეიძლება, თუმცა რაც MicroChips-ის პროდუქციას ასე მიმზიდველს ხდის, არის 2 რამ. პირველი - დღევანდელი ჩიპები დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გამოიყენება. შემდეგ კი გამოუსადეგარია და ჩანაცვლებას საჭიროებს. ახალი ჩიპი კი 16 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს; და მეორე, Microchips-ისმართვა დისტანციურად არის შესაძლებელი, ანუ თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, მას უბრალოდ შეუძლია, გამორთოს ჩიპი და მის ორგანიზმში ლევონორგესტრელის გამოყოფაც შეწყდება, რაც მას განაყოფიერების საშუალებას მისცემს. ასე რომ, თუ ახლანდელი ჩიპის დეაქტივაციისთვის საავადმყოფოში მისვლაა საჭირო, ახალი ჩიპის შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ იქნება.

პროდუქტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მკვლევართა აზრით, ტესტირების დასრულების შემდეგ, რაც დაახლოებით 4 წელს გასტანს, Microchips-ი ბაზარზე 2018 წლისთვის გამოჩნდება.

კომენტარები