საარჩევნო დებატები

ქართული ოცნება: დამატებითი დებატები არ გაიმართება

ქართული ოცნების განცხადებით, "ნებისმიერი ანონსი დამატებითი დებატების გამართვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება". კოალიციის პრესსპიკერმა გიორგი გეგეგჭკორმა დღევანდელ ბრიფინგზე მოუწოდა ტელემაყურებლებს, "არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას და არ შევიდნენ შეცდომაში". ამასთან, მან მადლობა გადაუხადა გუშინდელ დებატებში მონაწილე ყველა ტელევიზიას.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდა გუშინდელ დებატებში მონაწილეობის საშუალება და შეკითხვების დასმისთვის საეთერო დრო პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად იყო განაწილებული, რამაც უზრუნველყო დებატების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. რაც შეეხება სხვა დაანონსებულ დებატებს, რომელშიც თითქოსდა თბილისის მერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საზოგადოებისთვის თავიდანვე  ცნობილი იყო ქართული ოცნების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვსურდა რომელიმე  ტელევიზიისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა და სწორედ ამიტომ ვითხოვდით შესაბამის ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ყველა ტელევიზიას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ, გუშინდელი დებატების წინ, ტელევიზიებისთვის გაკეთებულ კომენტარში, ოფიციალურად უარყო მისი რაიმე დამატებით დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა გეგეჭკორმა.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გუშინ შედგა. ფორმატი ოთხი ნაწილისგან შედგებოდა - შესავალი სიტყვა, ჟურნალისტების კითხვები, ერთმანეთის მიმართ დასმული კითხვები, დასკვნითი მიმართვა. 

 

კომენტარები