NATO-საქართველო

აპატურაი: უელსის სამიტს საქართველოს NATO-ში უფრო აქტიური ჩართულობა მოჰყვება

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში დილიდან შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად ჩამოვიდა. ჯეიმს აპატურაიმ და მაია ფანჯიკიძემ შეთავაზების ის ინდივიდუალური პაკეტი განიხილეს, რომელიც საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მიიღო.

"მე NATO-ს გენერალური მდივნის დავალებით ჩამოვედი, რათა ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე ვიმუშაო. ახლა დეტალები მინისტრებთან ერთად უნდა განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, NATO-ს სამიტზე ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიხილავთ, რომელსაც საქართველოს NATO-ში უფრო აქტიური ჩართულობა, ასევე ალიანსის დისკუსიებში ქართველების აქტიური მონაწილეობა მოჰყვება. ამით NATO-სკენ საქართველოს სვლა გაგრძელდება", - განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი დღეს დილით უკვე შეხვდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანს საერთაშორისო საკითხებში გიგა ბოკერიას.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, თავდაცვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდება.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.

კომენტარები