თეორემა

შევარდნაძის როლი / უგულავას პატიმრობა

საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი, რომელიც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელად სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაბრუნდა 10 წელიწადზე დიდხანს მართავდა ქვეყანას, ხოლო შემდეგ 10 წელიწადზე დიდხანს ცხოვრობდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც მის მყუდროებას, მხოლოდ პირველი პრეზიდენტის მომხრეები არღვევდნენ.

გადაცემის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძეზე ვისაუბრებთ.

12 ივლისს არჩევნებია.

ივანიშვილის სასურველი კანდიდატის თბილისის მერად არჩევისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის ორი ყოფილი მერის დაკავება ჩათვალა საჭიროდ - იმ მოვლენებმა, რაც თბილისის აეროპორტში, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა, შესაძლოა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა სიკეთეების მიღება გაგვირთულოს.

"თქვენ იცით ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ. ჩემი მტკიცე რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ წაიკითხოს ჩვენი განცხადებები. ისინი ზრდილობიანი ფორმითაა მიწოდებული და არანაირ მოთხოვნას არ შეიცავს, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა ეს განცხადებები ასახავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებში არსებულ განწყობას. თუ ხელისუფლება მეტ ყურადღებას დაუთმობს მათ, შესაძლოა თავიდან აიცილოს არასასიამოვნო სურპრიზები" - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი.

"გიგი უგულავას დაჭერა წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პატივისცემის ვალდებულებასთან" - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი.

"უგულავას დაპატიმრება სერიოზული საკითხია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს. ვიცით, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პატიმრობის აპელაციას. ამერიკის შეშფოთებას აძლიერებს ის გარემოება, რომ საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს და დაპატიმრება 12 ივლისს დანიშნული მეორე ტურის წინ მოხდა" - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.

რასაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ქართული დემოკრატიის უკანდახევად მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი და ამავდროულად, საქართველოს მთავრობის ფორმალურ ხელმძღვანელი, ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ზეიმს უწოდებს.

რაც შეეხება ევროკავშირის მიერ ნახსენებ უსიამოვნო სურპრიზებს, ვის ენაღვლება ევროპაში უვიზო მიმოსვლა, როდესაც "უნივერსალურმა ბატონმა ბიძინამ" ასეთი სასიამოვნო სურპრიზი გაგვიკეთა - საქართველოს ფაქტობრივი მმართველი შემოდგომიდან შესაძლოა პოლიტიკური თოქშოუს წამყვანად მოგვევლინოს.

გადაცემის მეორე ნაწილში ქართული დემოკრატიის გამოწვევებზე ვისაუბრებთ.

გადაცემის სტუმრები: გია ნოდია, თამარ ჩხეიძე, ირაკლი მარგველაშვილი, კოტე გაბაშვილი.

კომენტარები