ედუარდ შევარდნაძე

ფანჯიკიძე: შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე დაკრძალავენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. ყოფილ პრეზიდენტს სამების საკათედრო ტაძარში 11 ივლისს დაასვენებენ.

"დაკრძალვა იქნება კვირას, 13 ივლისს, 15.00  საათზე. გამოსვენება მოხდება სამების საკათედრო ტაძრიდან. დაკრძალავენ სამხედრო პატივით, უკვე დგას ქართველი ჯარისკაცების საპატიო ყარაული. გარდა ამისა, გაიხსნა სამძიმრის  წიგნი, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება მის რეზიდენციაში, ხოლო პარასკევს და შაბათს, როცა მას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სამგლოვიარო წიგნი ტაძარში იქნება. საელჩოებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ გახსნან სამძიმრის  წიგნი. კვირას დაეშვება სახელმწიფო დროშა როგორც ყველა საელჩოში, ასევე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ველოდებით დელეგაციებს უცხოეთიდან, დღეს გავგზავნეთ მოწვევები, ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქმა, რომელი ქვეყნიდან რა დონის დელეგაცია ჩამოვა. დაკრძალვა, სავარაუდოდ, რამდენადაც მე ვიცი, ოჯახის გადაწყვეტილებით მოხდება კრწანისის რეზიდენციაში, სადაც დაკრძალულია მისი მეუღლე", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გუშინ, 7 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები