ახალი ტექნოლოგიები

Oculus-ის და Facebook-ის მილიარდიანი თამაში

4 თვის წინ, მარტში, როცა Facebook-მა ყველას გასაოცრად ვირტუალური რეალობის სფეროში მოღვაწე სტარტაპი, Oculus, შეიძინა არავინ იცოდა თუ რა შედეგის მომტანი იქნებოდა ეს. ბევრში, განსაკუთრებით Facebook-ის დაბნეულ აქციონერებში და Oculus-ის ტექნოლოგიის მომლოდინე თამაშის მოყვარულებში, ამ გადაწყვეტილებამ დიდი პროტესტის გრძნობაც გამოიწვია.

პირველ კატეგორიას ვერაფრით გაეგო, თუ რაში სჭირდებოდა სოციალური ქსელების გიგანტს სათამაშო ინდუსტრიის ახალბედა წარმომადგენელი, რომელიც თავისი ტექნოლოგიების გამოცდის ადრეულ სტადიაში იმყოფებოდა და მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდებას ჯერაც არ გეგმავდა. თანაც ამ ყველაფერში 2 მილიარდი დოლარის გადახდა, რომლიდანაც 400 მილიონი ნაღდი ფული იყო, ყოვლად დაუშვებლად მიაჩნდათ.

გეიმერები კი, Oculus-ის საბოლოო დასასრულზე საუბრობდნენ და მიაჩნდათ, რომ Facebook თავის შვილობილს პროფილს შეუცვლიდა და ეცდებოდა მისი სოციალური ქსელებისთვის როგორმე მორგებას. ზოგიც ამ ყველაფერს უბრალოდ ცუკერბერგის ახირებად მიიჩნევდა. თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა.

26 მარტს Facebook-ის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დიდ სიხარულს გამოხატავდა მიღწეული შეთანხმების გამო და აქვე განმარტავდა, რომ არ აპირებდა Oculus-ის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას, რაზეც იქამდე ხშირად იყო საუბარი. გარდა ამისა, მან ამავე მიმართვაში აღნიშნა, რომ მათი მისია იყო მსოფლიო უფრო ღია და დაკავშირებული გაეხადათ. 

ცუკერბერგის განცხადებიდან მოკლე დროში გამოჩნდა ლაქი პალმერის, Oculus-ის დამაარსებლის, The Verge-ისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ეს შესყიდვა მისი ყოფილი კომპანიისთვის, სადაც იგი აქტიურად აგრძელებდა მუშაობას, იქნებოდა ახალი შესაძლებლობა, რათა უფრო განვითარებულიყო და მაქსიმალურად დაეხვეწა არსებული ტექნოლოგია.

მიუხედავად ამ ორი საინტერესო, თუმცა ბუნდოვანი განცხადებისა, იმის ზუსტად გამორკვევა, თუ რა გამოვიდოდა ამ ორი კომპანიის შერწყმით, საკმაოდ რთული იყო. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ამ თემაზე აღარც Facebook-ის და არც Oculus-ის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, რაც საზოგადოების ინტერესს ამ შესყიდვისადმი უფრო და უფრო ზრდიდა.

გაურკვევლობას ბოლო მაისის დასაწყისში მოეღო. როდესაც Oculus-ის CEO-მ სენსაციური განცხადება გააკეთა. Facebook-ს სურდა, თავისი 1.2 მილიარდი მომხმარებლისთვის შეექმნა აქამდე წარმოუდგენელი, უდიდესი ვირტუალური სამყარო, რომელშიც ერთდროულად შესვლა მილიარდ ადამიანს შეეძლებოდა.

"მილიარდიანი თამაში"- დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ყველა ცნობილმა გამოცემამ დაწერა ამ მოვლენის შესახებ. იდეა საკმაოდ ამბიციურად გამოიყურებოდა და სწორედ ეს ამბიციურობა ბევრ ადამიანში ბადებდა ეჭვს, რომ მსგავსი რამის გაკეთება არსებული ტექნოლოგიებით ვერ მოხერხდებოდა. და მართლაც, მსგავსი სიდიდის სერვერის შექმნას საკმაოდ დიდი რესურსები დასჭირდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალოდ თამაშის აწყობაზე და გამართულად ფუნქციონირებაზე.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მალე მეგობრებთან უბრალოდ მიმოწერის გარდა, მათ ვირტუალურ გამოსახულებებთან გასაუბრებას, მათთან ერთად სხვადასხვა ადგილას გასეირნებას და უამრავ რაიმეს შეძლებენ, რაც ნამდვილ სამყაროში, დროის ნაკლებობის და მანძილის სიშორის გამო, მათთვის დიდ პრობლემას და ხშირ შემთხვევაში მიუღწეველ რეალობას წარმოადგენს.

თუმცა Facebook-ი ამის გამო დანებებას არ აპირებდა და კვლავაც აქტიურად განაგრძობდა თავისი გეგმის სისრულეში მოყვანას; ამასთანავე, ზუსტი თარიღების და დეტალების დასახელებისაგან თავს იკავებდა. ამ ეტაპზე ისიც კი არ იყო ჯერ ცნობილი, თუ როდის მიიღებდა პირველი მომხმარებელი Oculus-ის პროდუქციას. ამ პროდუქციის გარეშე კი თამაში შექმნილიც რომ ყოფილიყო, მას აზრი არ ექნებოდა, რადგან სწორედ Oculus Devkit არის ის მოწყობილობა, რომლიც ვირტუალურ რეალობაში შეღწევის საშუალებას იძლევა.

Facebook-ის გეგმის პირველი ნაწილი სწორედ ეს იყო. მიეწოდებინა ეს პროდუქტი რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის. და აი, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, დღეს, 2 ივლისს, დასახელდა ზუსტი თარიღი, როდესაც პირველი მომხმარებელი შეძლებს მიიღოს VR (ვირტუალური რეალობის) მოწყობილობას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა.

14 ივლისს Facebook თავისი გეგმის სისრულეში მოყვანას დაიწყებს. 45 000 მოწყობილობა უკვე გაყიდულია, თითოეული 350$-ად. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ 10 000 მათგანია დამზადებული და მომხმარებლის დიდ ნაწილს გარკვეული პერიოდი რიგში ჩადგომა და ლოდინი მოუწევს. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, აგვისტოდან ბაზარზე უფრო დიდი პარტია შემოვა.

კომენტარები