გიგი უგულავას დაკავება

ჭიკაიძე მორატორიუმის გაგრძელებაზე: არ ვიცი მაგდენი, ვერ ვერკვევი

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური დევნა ნაკლებად არის, იმიტომ, რომ უგულავას ”მრავალ ფინანსურ მახინაციაში, სახელმწიფო ფულის გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. პროკურატურაა ამ საქმით დაკავებული და ძალიან ობიექტურად და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება” - ამბობს ის.

 ჭიკაიძის ინფორმაციით, უგულავა გააფრთხილეს არ გასულიყო ქვეყნის ტერიტორიიდან.  ”ინფორმაცია ჰქონდათ ფინანსური პოლიციის საგამოძიებოში ალბათ და გააფრთხილეს არაერთხელ და მაინც გადაწყვიტა ეტყობა საზღვრების დატოვება და ამიტომ დააკავეს” - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 რაც შეეხება იმას, გრძელდება, თუ არა წინასაარჩევნო მორატორიუმი, ჭიკაიძემ ჟურნალისტებს უპასუხა - ”არ ვიცი, მაგდენი, ვერ ვერკვევი”. მან ასევე დაამატა:

”ვინც კანონს დაარღვევს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს აუცილებლად, აქ მორატორიუმი და ის, მე მგონი, არ უნდა შველოდეს”.

 შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გიგი უგულავა უკანონო ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.ამავე ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაშია უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, ხოლო ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნაა გამოცხადებული. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავება წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, უწყებათაშორისმა კომისიამ დაადგინა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები დაკითხვაზე არ უნდა დაებარებინათ და, მით უმეტეს, არ უნდა დაეკავებინათ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით კი, საგამოძიებო სამსახურს არ განუმარტავს - რა განსაკუთრებულ და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა გიგი უგულავას აეროპორტში დაკავება. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, ის აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა. გიგი უგულავას თქმით, ის კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. უგულავას თქმით, უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, რის დასტურადაც მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთი აჩვენა. უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე ჰყავდა დაბარებული.

 

კომენტარები