არჩევნები 20144

გეგეჭკორი: როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება დამაჯერებლად ლიდერობს

ქართული ოცნების სპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, "როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამჯერადაც დამაჯერებლად ლიდერობენ უკლებლივ ყველა ოლქში, გარდა ერთისა". დღევანდელ ბრიფინგზე, გეგეჭკორმა მოსახლეობას არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა. მისი თქმითვე, სერიოზული ხარვეზები, რომლებიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, კენჭისყრის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა.

"გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს.
დარწმუნებულები ვართ, არჩევნების მეორე ტურში ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - განაცხადა გიორგი გეგეჭკორმა.

თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ხონის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს. ხონში, ორ საარჩევნო უბანზე ჩატარებული  განმეორებითი კენჭისყრის მიხედვით, ხმათა უმრავლესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ფრიდონ ჩიხლაძემ მოიპოვა. ამ ოლქში ყველაზე მაღალი აქტივობაც დაფიქსირდა. 

თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით განმეორებითი კენჭისყრა 9 საარჩევნო ოლქის 14 უბანზე გუშინ ჩატარდა. 

კომენტარები