თავდაცვის სამინისტრო

ალასანია: რუსეთს ესკალაციის მიზეზი არ უნდა მივცეთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, NATO-ს სამიტის წინ საქართველო ალიანსის წევრების მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთსა და აშშ-სთან კონსულტაციების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები საქართველოს მხარდასაჭერად „დარაზმულები არიან" და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს საკითხზე ალიანსში კონსენსუსი შედგეს.

„ამავე დროს, ჩვენ არ უნდა მივცეთ არასწორი გზავნილები რუსეთის ფედერაციასაც. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ მივცეთ არანაირი მიზეზი რუსეთს, რომ ესკალაცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის მუშაობს, როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოების სტრუქტურები. ის, რომ ეკონომიკური კუთხით დავიწყეთ გააქტიურება დაგვეხმარება, რომ მოხდეს დეესკალაცია რეალურად ჩვენს ურთიერთობებში", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

„მაგრამ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ნატო-ში და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, რომელიც შეუქცევადი გახდა გუშინდელი დღის შემდეგ და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლებიც დაურღვეველია",- განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები