ღარიბაშვილი რუსეთზე: ვერ ვხედავთ გართულებების რაიმე ნიშანს

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNBC-ის ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტი მას ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასთან ერთად, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს:

- რას ნიშნავს ეს (ასოცირების შეთანხმება) საქართველოსთვის, როგორც ფინანსურად, ასევე სიმბოლურად?

- ეს ისტორიული დღე ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ეს არის ოცნება, რომელიც ასრულდა. ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება, მრავალი თაობა ცდილობდა ევროპასთან დაახლოებას. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, რადგან საერთო ღირებულებები, საერთო კულტურა გვაქვს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არ არის საბოლოო მიზანი. ყოველთვის ნათლად ვამბობდით, რომ ეს ქვეყნის ევროპეიზაციის მხოლოდ დასაწყისია, ქვეყნის მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ელით თუ არა რუსეთის შურისძიებას?

- იცით, რომ ჩვენ ვეცადეთ გვქონოდა კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს. დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ შეგვემცირებინა დაძაბულობა მათთან. რუსეთმაც აჩვენა კონსტრუქციული პოლიტიკა ჩვენ მიმართ და ვფიქრობ, ამან კარგად იმუშავა. რუსეთმა პირობა დადო, რომ ის არ ჩაერეოდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესში და ვფიქრობ, ასეც მოიქცა. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესის გართულების რაიმე ნიშანს.

- რამდენად გაშფოთებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მუქარა უკრაინის მიმართ, რომ ასოცირებას შეთანხმების ხელმოწერას მოყვება მძიმე შედეგები?

- თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. მჯერა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი პოროშენკო იპოვის გზას, იპოვის გამოსავალს, დიალოგის გზას რუსეთთან და ისინი იპოვიან გამოსავალს ამ კრიზისიდან.

- ფიქრობთ თუ არა, რომ დასავლეთი საკმარის ზეწოლას ახდენს რუსეთზე? თქვენ გაქვთ ყირიმის მსგავსი გამოცდილება.

- დღეს საქართველოში განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადგან ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გვინდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. თუმცა ძალიან პრინციპულნი ვრჩებით - კვლავ გვაქვს მთავარი პრობლემა, რომელიც არის ჩვენი დავა ოკუპირებულ რეგიონებზე, მაგრამ ამ დრომდე ვერ ვხედავთ გართულებების რაიმე ნიშნებს, რადგან ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან კონსტრუქციულ პოლიტიკას ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გახდა შეუქცევადი, მაგრამ ეს არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს მისწრაფებებთან, გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან.

- თქვენ შეიძლება ძალიან პოზიტიურად იყოთ განწყობილი, მაგრამ რუსეთზე იმავეს ვერ ვიტყვით. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში და ახლა დასავლეთი შეშფოთებულია, ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი არ აკეთებს საკმარისს. კიდევ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოახდინოს დასავლეთმა რუსეთზე, თქვენი აზრით, რომ ეს შეჩერდეს? თქვენ შეშინებული უნდა იყოთ, როგორც ქვეყანა რუსეთის აგრესიის რეგიონში, უეჭველად.

- ვფიქრობ, დიალოგი ერთადერთი გამოსავალია ამ კრიზისიდან.

- დიალოგი ახლა არ მუშაობს.

- დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

- მაგრამ თქვენ, სულ ცოტა, ეუბნებით პრეზიდენტ პოროშენკოს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტები მას არ ემორჩილებიან?

- ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, ამაზე გვესაუბრა, მაგრამ ვიცი, რომ ისინიც ეძებენ გადაწყვეტის გზებს. გავიმეორებ, რომ დიალოგი ერთადერთი გამოსავალია ამ კრიზისიდან.

- ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთს გავლენა აქვს სეპარატისტებზე, რადგან სწორედ ამას შიშობს დღეს აშშ და ევროპა.

- მე ფოკუსირებული უნდა ვიყო ჩემს ქვეყანაზე, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული გზა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ წარმატებულად იმუშავა. და ნახეთ, დღეს ხელს ვაწერთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ნათელი გავხადეთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

- თქვენ ასევე გაქვთ ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც, რაღაც აზრით, უნდა დაიცვათ. ასევეა ბევრი ქვეყანა ევროპაში, მაგალითად, იტალია, თავისი ენერგეტიკული საზრუნავით. პრობლემა ისაა, რომ ეს ინტერესები ხელს გვიშლის, უფრო მძლავრი პასუხი გვქონდეს რუსული აგრესიის თავიდან აცილებისთვის, არ არის ასე?

- ისევ უნდა გავიმეორო, რომ ყველა კონფლიქტში მშვიდობიან მოლაპარაკებს არ აქვს ალტერნატივა. ვფიქრობ, ეს არის გზა, რომელიც აირჩია ევროპამ, უკრაინის მთავრობამ და, ვფიქრობ, გადაწყვეტას ვიპოვით.

კომენტარები