რომპუი: ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე

ewea.org

„ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას - დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება", - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას. რომპუიმ ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინაშე მდგომ უსაფრთოების გამოწვევებსა და საქართველოსა და მოლდოვასთან რუსეთის ფედერაციის ურთიერთობაზე:

„არ შემიძლია არ ვისაუბრო უსაფრთხოების იმ რთულ გამოწვევებზე, რომელსაც უკრაინა ახლა აწყდება, ან იმ ბუნდოვანებაზე, რაც არის რუსეთის ფედერაციის საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობაში. ჩემი პირველი გზავნილია, რომ ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას - დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ჩემი მეორე გზავნილია, რომ შეთანხმებებში ან ევროკავშირის მიდგომაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება რუსეთი რაიმე ფორმით დააზარალოს. ევროკავშირი მზადაა, ჩართოს რუსეთი იმდენად, რამდენადაც საჭიროა, რომ გაფანტოს ის გაუგებრობები, რაც შეიძლება არსებობდეს და ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო მომავლისთვის ჩვენი საერთო კონტინენტისთვის", - თქვა რომპუიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინას ასოცირების შეთანხმების გაფორმებას „დიდებული დღე" უწოდა, რომელიც მომავალ თაობებს ემახსოვრებათ:

„კიევსა და სხვაგან ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს ამ მჭიდრო კავშირისთვის - ჩვენ არ დავივიწყებთ მათ. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები დიდ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს მთელ ევროპულ კონტინენტს. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ საერთო ღირებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას", - აღნიშნა რომპუიმ.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არ არის ევროკავშირთან თანამშრომლობის ფინალური ეტაპი. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ კი საზოგადოების ტრანსფორმაციის, დემოკრატიის გაღრმავებისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის გზა აირჩიეს:

„ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება ამ გზაზე, პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური დახმარებით. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი სრული ინტეგრაცია ევროპის ბაზარზე, მსოფლიოს უმდიდრეს და უდიდეს ბაზარზე. თავისუფალი სავიზო მიმოსვლა დააახლოებს ჩვენს საზოგადოებებს და ეს უკვე აქვს მოლდოვას. საზოგადოების და საჯარო ადმინისტრირების ტრანსფორმაცია აისახება თქვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხო ცხოვრებაზე, ცხოვრებაზე ევროპულ ოჯახთან ერთად, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, ჩვენ ყველანი მივეკუთვნებით", - თქვა რომპუიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ივნისს, საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა.

კომენტარები