დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელა მოხსნეს

ჩამოხსნილი საქანელა
ნოდარ რუხაძე

24 ივნისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზუგდიდის ქუჩისა და თევდორე მღვდლის კვეთაზე არსებულ სკვერში ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელა ჩამოხსნეს, რომელიც დიდუბე ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ დაამონტაჟა.

გამგებლის, ლევან მხეიძის თქმით, აღნიშნული საქანელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების თხოვნით დამონტაჟდა.

"შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული საქანელა ჩვენი დაფინანსებით და ჩვენი შეკვეთით დამონტაჟდა სკვერში. ეს რამდენიმე თვის წინ იყო. სამწუხაროდ, თუ არ ვცდები, გუშინ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 15-ამდე შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ბავშვი ქანაობდა ამ საქანელაზე და ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდნილა. მშობლებს გამოუძახიათ პატრული და მათი კატეგორიული მოთხოვნით, პატრულმა მოახდინა აღნიშნული საქანელის დემონტაჟი. თუმცა, ჩვენ საქანელას ხუთი დღის ვადაში ხელახლა დავამონტაჟებთ. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მსგავსი საქანელების დამონტაჟებას სხვა უბნებშიც და იმედი გვაქვს მშობლები გაგებით მოეკიდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებას ითამაშონ სხვა ბავშვებთან ერთად და მოუწოდონ შვილებს ადაპტირებული საქანელებით არ ისარგებლონ, რათა დაზიანებები თავიდან ავიცილოთ" - განაცხადა მხეიძემ.

გამგებლის თქმით, პატრულს დემონტაჟი გამგეობასთან უნდა შეეთანხმებინა.

კომენტარები