ენმ: იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის მიგრაცია ხდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, ცვლილებები შეიტანოს 19 ივნისის იმ დადგენილებაში, რომელიც მეორე ტურისთვის ამომრჩევლის სიის ფორმირებას გულისხმობს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ეს ნორმა შესაძლოა გაყალბების მიზეზი გახდეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამბობს, რომ იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის მიგრაცია შეინიშნება. ბეჟაშვილის განცხადებით, მათ, ვინც პირველ ტურში სხვა ოლქში მისცა ხმა, არ უნდა მიეცეთ უფლება, მეორე ტურში სხვაგან დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

"ცესკომ 19 ივნისს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ ამომრჩეველთა სიის ფორმირება. ეს შეიცავს გარკვეულ რისკებს, რომელმაც შეიძლება არჩევნების გაყალბების ახალი მეთოდები დანერგოს. სიის ფორმირებისას უკვე დაიწყო პროცესი, რომ იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, ხდება ამომრჩეველთა მიგრაცია ხელოვნურად. ადამიანებს ამისამართებენ ხონის, თერჯოლის, ბათუმის საარჩევნო ოლქებში და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს", - აცხადებს ბეჟაშვილი და ცესკოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებს.

"ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებს, ვინც პირველ ტურში სხვა ოლქებში მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, არ უნდა მიეცეთ საშუალება უკვე მეორე ტურში გასამართ სხვა ოლქებში მონაწილეობის მიღებისა. ამით მაღალი რისკი ჩნდება არჩევების გაყალბების და შედეგებით მანიპულირების. ცესკომ ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომ ერთგვარად დახუროს გაყალბების ეს ხვრელი. იმავდროულად, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააწესონ მონიტორინგი ჩვენთან ერთად იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს და ერთად გავაკონტროლოთ ამომრჩევლის ხელახალი რეგისტრაციის პროცესი, რათა არ მიეცეთ საშუალება ცალკეულ პირებს, არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოახდინონ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები