NATO-საქართველოს ურთიერთობა

ალასანია: ჯეიმს აპატურაი მართალია, NATO-ს სრული წევრობისთვის ჯერ მზად არ ვართ

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო დღეს NATO-ს სრული წევრობისთვის მზად არ არის". ალასანია აღნიშნავს, რომ საქართველო და NATO დღეს საუბრობენ შემდეგ ნაბიჯზე - გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე.

"ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობით NATO-ს წევრი. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯზე, თუმცა ვთვლი, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში - რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან ძალიან მალე დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ეს არის ჩვენი სურვილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ ამ წუთში საქართველო NATO-ს წევრობისთვის არის მზად", -განაცხადა პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენემლა ჯეიმს აპატურაიმ უელსის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას.

კომენტარები