ენმ: არჩევნების მეორე ტურთან ერთად, პრაქტიკულად, გაიხსნა ძალადობის მეორე ტური

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ვერ იცავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ზუგდიდსა და ბათუმში ენმ-ის მხარდამჭერებზე - ლევან თორიასა და ლევან ტეტემაძეზე თავდასხმის ფაქტები გააპროტესტა და ხელისუფლებას კანონის ფარგლებში მოქმედება მოსთხოვა.

"გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას - ნუ დაადგებიან ძალადობის გზას. არც ერთ შემთხვევაში დამნაშავე დაკავებული არ არის. იმ პირობებში, როდესაც შსს-ს თავი მოაქვს დანაშაულის შემცირებული სტატისტიკით, აბსოლუტური სიცრუით და სისულელით, როცა ქვეყნის პრემიერი ღიად აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ამ ყველაფრის ფონზე კვლავ გრძელდება ძალადობები. მაქსიმუმი, რაც ხელისუფლებისგან ისმის, არის ის, რომ "გამოძიება დაიწყო და გრძელდება". არჩევნების მეორე ტურის დანიშვნასთან ერთად, პრაქტიკულად, გაიხსნა ძალადობის მეორე ტური, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ქართული ოცნების აქტივისტები ახორციელებენ. ამაზე თავად დაზარალებულები მიუთითებენ. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას თავის მოქალაქეები" - განაცხადა ხაჩიძემ და დაამატა, რომ აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, პირადად პრემიერ ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კომენტარები