საქართველოს პრეზიდენტი

მაჭავარიანი: მთავრობამ პრეზიდენტისგან დისტანცია დაიჭირა, მარტო ვმუშაობდით

telegraph.ge

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის თქმით, "მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გარკვეული დისტანცია დაიჭირა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან". როგორც მაჭავარიანმა მაესტროს ცხრიანში თქვა, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გარდა, პრობლემას მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით არსებული აზრთა სხვადასხვაობაც წარმოადგენდა. გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის თქმით, "რეალურად ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა".

ვანო მაჭავარიანის შეფასებით, გასული 8 თვე რთული იყო.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მარტოს გვიწევდა მუშაობდა - მთავრობამ, ფაქტობრივად, უარი გვითხრა ვიზიტებში მონაწილეობაზე, ძალიან ფორმალურ და ზედაპირულ ინფორმაციას ვიღებდით ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში, სადაც მივდიოდით. მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გარკვეული დისტანცია დაიჭირა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. მოადგილეების და დეპარტამენტამენტების დონეზე მაქსიმალურად ვმუშაობდით, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრს არ მოსწონს ეს კონსტიტუცია მთავრობაში, არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ ძალიან რთულია პრეზიდენტისთვის, რომ ეს კონსტიტუცია გვერდზე გადადოს და შეთანხმების პრინციპებით იმუშაოს, თითქოს პრეზიდენტს არ აქვს როლი არც უშიშროების საბჭოს მიმართ, არც თავდაცვის, არც საგარეო და არც სხვა მიმართულებით და მუშაობა მოხდეს იმ რეჟიმით, რომელსაც ჰქვია "იგნორი გავუკეთოთ კონსტიტუციას", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თქმითვე, მთავრობას არ მოსწონდა, რომ გიორგი მარგველაშვილს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კონცეპტუალური ხედვა ჩამოუყალიბდა.

"გიორგის ძალიან სწორი მიდგომა აქვს ევროპული, დასავლური და რეგიონალური მიმართულებით და საკმაოდ საინტერესო ხედვა ჩამოყალიბდა, რომელიც პრეზიდენტებს შორის საუბრის დროს აუცილებელია. შენ ვერ დაჯდები პრეზიდენტთან და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწერილი, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული ცნობით ვერ ელაპარაკები. საჭიროა კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონცეპტუალური ხედვა ჩამოყალიბდა. რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული არ მოსწონდათ მთავრობაში, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონოდა თავისუფალი გასაქანი და რომ მას კონსტიტუცია ზღუდავს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა, რომელიც ჯერ კიდევ 13 მაისს ამბობდა, რომ "პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის კომუნიკაციის მასშტაბი საჭიროების შესაბამისია". თავად მთავრობის მეთაურმაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "მე და პრეზიდენტს გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა გვქონდეს".

ცნობისთვის, პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობები 13 ივნისს, "საკუთარი ინიციატივით" დატოვეს. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ვანო მაჭავარიანის თანამდებობაზე დანიშვნა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. 

კომენტარები