კუკავა: მივიღეთ ამომრჩევლის გზავნილი, რომ ჩვენი სამსახური არ სჭირდებათ

თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს. როგორც კუკავამ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა, მოსახლეობამ თავისუფალ საქართველოს დაანახა, რომ მისი სამსახური საქართველოს არ სჭირდება.

"ჩვენი ხმები მოიპარეს. იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ არ გადაგველახა ბარიერი, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა უნდობლობა. ყველა შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა დაბალი. არასდროს არაფერს გამოვკიდებივარ. ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლის მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. უახლოეს მომავალში შეიკრიბება პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ გაკეთდეს", - განაცხადა კუკავამ და აღნიშნა, რომ "ლოგიკურად, პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობს".

"მე, ბუნებრივია, ლოგიკურად ამაზე უნდა ვიფიქრო, თუმცა არ მინდა დაბალი შედეგის შემდეგ პირდაპირ გავაკეთო ეს განცხადება. მე პოლიტიკაში მოვედი 10 წლის წინ ჩემი პრინციპებით. შემეძლო, სხვადასხვა მთავრობების დროს მაღალი თანამდებობები დამეკავებინა და ამაზე უარი განვაცხადე. ფსონი დავდე იმაზე, რომ ყოველთვის, როცა რუსთაველზე გამოდიოდა თბილისი, მის გვერდზე ვმდგარიყავი. არ ამცილებია არცერთი "დუბინკა", მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. ჩვენმა საზოგადოებამ, თბილისმა ეს შეაფასა 2%-იანი მხარდაჭერით და სულელი უნდა ვიყო, რომ ამის შემდეგ კიდევ ვიფიქრო იმაზე, რომ არაფერი შესაცვლელი არ არის", - აღნიშნა კუკავამ.

ცესკოს მონაცემებით, არასაპარლამენტო ოპოზიციამ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. პარტიას პროპორციული სიით 2.25% აქვს. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, კუკავამ ხმათა 2.32% მიიღო.

კომენტარები