"ნაციონალურ მოძრაობას არ აღვიქვამ ოპონენტებად, იმიტომ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე ეშვება, სად არიან თვითონაც არ იციან, რადარიდან ქრებიან"
"ნაციონალებს ჯამში აქვთ 5%. ანუ საკუთარ სიმბოლურ ციფრზე ჩამოვიდნენ, არჩევნების შემდეგ საერთოს ვერ წარმომიდგენია რა პერსპექტივაზე აქვთ საუბარი"
საქართველოს მთავრობის მეთაურსა და ქართული ოცნების ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილს ალბათ იმდენ ხანს შეახსენებენ ამ სიტყვებს, რამდენ ხანსაც პოლიტიკურად იაქტიურებს.
არჩევნების შედეგები თითქმის დათვლილია. წინასწარი მონაცემებით ნაციონალურმა მოძრაობამ შედეგი გაიუმჯობესა როგორც ქვეყნის, ისე თბილისის მასშტაბით, ხოლო ქართულმა ოცნებამ 12 პროცენტიანი დანაკარგი განიცადა.
სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ სცენას ახალი ვარსკვლავი შეემატა ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის სახით. პოზიციებს ინარჩუნებს ნინო ბურჯანაძეც. მთლიანობაში მკვეთრად პრორუსულ ძალებს მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი უჭერს მხარს.
მოჩქარეს რომ უგვიანდება ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავზე იწვნია - გუშინ, ქართული ოცნების შტაბთან საგანგებოდ აწყობილი სცენა, შამპანური Veuve Clicquot, მხარდამჭერების ენერგიული ცეკვა, ღარიბაშვილის მილოცვა და ნარმანიას მტკიცება, რომ არავითარი მეორე ტური არ იქნება, სავარაუდოდ ადგილობრივი კომედი შოუების მთავარ თემად იქცევა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში.
ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვა. თბილისსა და თვითმმართველი ქალაქების უმრავლესობაში მეორე ტური ინიშნება.
რამ გამოიწვია ქართული ოცნების მხარდაჭერის მკვეთრი კლება ასეთ მოკლე დროში, ვინ აგებს პასუხს ამხელა დანაკარგზე, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შეჩერება? თუ კი, როგორ? რა საფრთხეს შეიცავს პრორუსული ფრონტის გაძლიერება? რატომ უმჯობესდება ნაციონალური მოძრაობის შედეგი?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით დღევანდელ თეორემაში.




