კალაძე: უზრუნველვყოფთ მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, "ხელისუფლება უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას". როგორც კალაძემ არჩევნების შემაჯამებელ ბრიფინგზე თქვა, "მეორე ტური საერთაშორისო საზოგადოების მაღალ შეფასებას დაიმსახურებს". ვიცეპრემიერის განცხადებითვე, პირველადი მონაცემებით, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური დაინიშნა.

"პრაქტიკულად ყველა საკრებულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1049 მაჟორიტარული მანდატიდან ქართულმა ოცნებამ 811  დეპუტატი გაიყვანა,  რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში, ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ  64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" - აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული და სიითი შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ქართულმა ოცნებამ 1400-მდე მანდატი მოიპოვა.

"დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას  ექვსი ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება. 15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის დასაწყისი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მაღალი შეფასება, რაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა  დააფიქსირა. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო საზოგადოებამ და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურმა მისიებმა. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების მიერ გავრცელებული საერთო განცხადების თანახმად, 15 ივნისის არჩევნები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ამ შეფასებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს" - განაცხადა ვიცეპრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველა ამორჩეველს, რომელმაც დააფიქსირა თავისი არჩევანი.

"აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, გავაქტიურდეთ მეორე ტურისთვის და არ დავუშვათ, რომ ჩვენი პასიურობით ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას. მოგიწოდებთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე და აქტიურად ჩავერთოთ მის მართვაში" - თქვა კალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დათვლილია უბნების უმრავლესობა. ამ დროის მონაცემებით, თბილისში, თელავში, რუსთავსა და ბათუმში ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მცხეთაში - ქართული ოცნების და მწვანეთა პარტიის კანდიდატები, გორში ქართული ოცნების და ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატები, ხოლო ფოთსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები.

ამასთან, არჩევნების მეორე ტური გაიმართება რამდენიმე თვითმმართველ თემში. ხუთ თვითმმართველ თემში (ყვარელი, თელავი, თერჯოლა, ხონი, ქობულეთი) გამგებლობისთვის ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იბრძოლებენ.  ოთხ თემში (ტყიბული, მარტვილი, ახმეტა, თიანეთი) ერთმანეთს ქართული ოცნების და ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.   

გორის თვითმმართველ თემში გამგებლობის არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების და ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატებს შორის ჩატარდება.

ლანჩხუთში გამგებლობისთვის ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები იბრძოლებენ, ხოლო ბაღდათში - მმართველი კოალიციის და სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის კანდიდატები.

მეორე ტური შესაძლოა გაიმართოს მცხეთაშიც (ქართული ოცნების კანდიდატს 50.34% აქვს, თუმცა, დასათვლელია რამდენიმე უბანი). თუ აღნიშნული შედეგი შეიცვლება, ერთმანეთს ქართული ოცნების და მერაბ კოსტავას საზოგადოების წარმოდგენილი კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ასევე, ზღვარზეა ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი ხულოს თვითმმართველ თემშიც. მმართველი კოალიციის კანდიდატის შედეგი (49.85%) თუ დარჩენილი ორი საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ არ შეიცვალა, მასთან ერთად, მეორე ტურში გამგებლობისთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმოადგენელი იბრძოლებს. 

კომენტარები