საიას დამკვირვებლებმა ჯამში 150 საჩივარი დაწერეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გარკვეული დარღვევების მიუხედავად, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. როგორც მედიაცენტრში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე კახა კოჟორიძემ განაცხადა, ამომრჩეველს ჰქონდა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია უმრავლეს შემთხვევაში ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს. საიას განცხადებით, მნიშვნელოვან დარღვევებს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. გუშინდელ არჩევნებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 150 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში 127 შენიშვნა დააფიქსირეს.

„განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს ადგილი ჰქონდა მარტვილის #16-ე (გაიტაცეს ბიულეტენები), ზუგდიდის #32-ე (ჩაიშალა ხმის მიცემა), ხონის 22-ე (უბნის დარბევა), ხონის N19 უბანი (კენჭისყრის შენობაში შეჭრისა და კარის შემტვრევის მცდელობა) თელავის N14 უბანი (ხელმოწერების გაყალბება), მუქარა დამკვირვებელზე (სამგორის N32, ხულოს N27).
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე, ქართულმა ოცნებამ ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით გამარჯვება იზეიმა. მართალია, საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს წინასწარი მონაცემების გაჟღერებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით არჩევნების სრულყოფილად ჩატარების გამოცხადება და გამარჯვების ზეიმი, ვფიქრობთ, რომ არასწორი და არამიზანშეწონილი ქმედებაა“, - განაცხადა კოჟორიძემ.

საიას საჩივრები ეხებოდა დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას (10 შემთხვევა); წილისყრის პროცედურების დარღვევებს (10 შემთხვევა); საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (24 შემთხვევა); არაუფლებამოსილი პირების ყოფნას უბანზე (19 შემთხვევა), არასათანადო დოკუმენტებით არჩევნებში მონაწილეობას (3 შემთხვევა); არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემას (2 შემთხვევა); გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებულ პრობლემებს (2 შემთხვევა); უბანზე აგიტაციას (4 შემთხვევა); მარკირების გარეშე ხმის მიცემას (1 შემთხვევა); საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემას (4 შემთხვევა); კომისიის წევრის მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას (3 შემთხვევა), ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირ გავლენას (9 შემთხვევა); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელშეშლას (2 შემთხვევა); ოლქისთვის დოკუმენტაციის გადაცემის წესის დარღვევას (3 შემთხვევა), საარჩევნო ინვენტარის განადგურებას და უბნის დარბევას (2 შემთხვევა).

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების საჩივრებში დაფიქსირებულია სხვა დარღვევებიც, მაგალითად, საიას ინფორმაციით, ქობულეთის N34 უბანზე ყუთის გახსნის შემდეგ კონვერტიდან ამოღებულ 61 ბიულეტებს რეგისტრატორის ხელმოწერების ნაცვლად ჰქონდა თავმჯდომარის ბეჭედი.

„აღნიშნული დარღვევის გამო დავწერეთ საჩივარი უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხმის დათვლის დროს ასევე ადგილი ჰქონდა საიას დამკვირვებელთა უფლებების დარღვევას. მაგალითად, სამგორის N32 უბანზე კომისიის წევრი დაემუქრა საიას დამკვირვებელს, რომ მისი შვილი მუშაობს უშიშროებაში და "ცხოვრებას გაგიფუჭებო", - აცხადებს საია.

კომენტარები